"არ თანამშრომლობს რუსებთან" - გამომძიებლის შენიშვნა ანი ნადარეიშვილის დაკითხვის ოქმზე
როდესაც ოჯახი ერთიანია, მას ვერ გატეხენ. როდესაც ბრძოლა სამართლიანია, იგი აუცილებლად გაგრძელდება, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოიალურ ქსელში წერს.
დაკავებული ექს თავდაცვის მინისტრის მეუღლის თქმით, მისი ოჯახი უკვე 13 წელია პოლიტიკური ზეწოლისა და უსამართლო რეპრესიების პირობებში ცხოვრობს, თუმცა არ ეშინია და რაც მეტად "აწვებიან, მით უფრო მტკიცედ" დგანან.
ნადარეიშვილი ასევე მისი დაკითხვის ოქმსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მასზე დატანილია გამომძიებლის შენიშვნა: "არ თანამშრომლობს რუსებთან".
მე ვარ ადამიანი, რომლის ოჯახიც უკვე 13 წელია სისტემური რეპრესიების ქვეშ იმყოფება.
ცამეტი წელი ზეწოლის, შანტაჟის, დაშინების, უსამართლობის.
ცამეტი წელი ცდილობენ გაგვტეხონ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
მათ ეგონათ, რომ შიში გაგვაჩუმებდა.
მათ ეგონათ, რომ ტკივილი დაგვახევინებდა უკან, მაგრამ შეცდნენ!
არც დღეს ვნებდებით და არც ხვალ დავიხევთ უკან.
მე არ მეშინია, რადგან როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, მას ძალა აქვს.
როდესაც ოჯახი ერთიანია, მას ვერ გატეხენ.
როდესაც ბრძოლა სამართლიანია, იგი აუცილებლად გაგრძელდება.
ჩემი ოჯახი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ რეპრესიები ვერ ამარცხებს თავისუფლების სურვილს.
რაც უფრო გვაწვებიან, მით უფრო მტკიცედ ვდგავართ.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას — მშვიდად, მტკიცედ და ღირსეულად და ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე,
სანამ უსამართლობა არ დასრულდება.
პ.ს. გამომძიებლის შენიშვნა ჩემი ბრალდებულად დაკითხვის ოქმზე " არ თანამშრომლობს რუსებთან", - წერს ნადარეიშვილი.