ბრალის აღიარება, ზიანის ანაზღაურება და თავისუფლება 2 დღეში - გზა, რომელსაც პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სთავაზობს

29.12.25 20:14
ბრალის აღიარება, ზიანის ანაზღაურება და თავისუფლება 2 დღეში - გზა, რომელსაც პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სთავაზობს

ბრალის აღიარება, ზიანის ანაზღაურება და თავისუფლება ორ დღეში არის გზა, რომელსაც რომეო მიქაუტაძეს საქართველოს პროკურატურა სთავაზობს. "პირველების" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჩვენება, სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა, მიიღო დაპირება, რომ მას საპროცესო გარიგებას გაუფორმებდნენ. მიქაუტაძის ოჯახთან დაკავშირებულმა არაერთმა პირმა არაფორმალურ საუბრებში გვითხრა, რომ გათავისუფლებას ახალ წლამდე ელოდებიან. 

მიქაუტაძის ოჯახი დუმს, ადვოკატი კი კამერების წინ ამბობს, რომ ჯერ შეთანხმება გათავისუფლებაზე არ არსებობს, თუმცა ასეთი გარიგების დადებას არ გამორიცხავს.

ჯერ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ ადასტურებენ არც ადვოკატები და არც პროკურატურა, თუმცა არცერთი მხარე არ გამორიცხავს რომ შესაძლოა საპროცესო შეთანხმება შედგეს.

ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებული რომეო მიქაუტაძე ლილუაშვილის დაკავების შემდეგ დუმილის რეჟიმშია. დღეს უკვე მეორე შანსი გაუშვა ხელიდან ესაუბრა მის იმ ჩვენებაზე, რომელიც ლილუაშვილის საქმეში დევს. მიქაუტაძის დუმილი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ვიდრე ბრალდებული დუმს. ბრალდების მხარე იმ პირობებზე საუბრობს რის საფუძველზეც შესაძლოა მიქაუტაძეს ციხის კარი გაუღონ - ბრალის აღიარება და ზარალის ანაზღაურება.

რომეო მიქაუტაძემ დღეს ბრალდების მხარის 6 მოწმის ჩვენება უდავოდ გახადა. პროკურატურას მის საქმეში კიდევ 44 პირი ჰყავს გამოსაკითხი, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა მოწმეებსაც იგივე ბედი ეწიოთ. ექს-მაღალჩინოსნის ადვოკატი არ მალავს, რომ დაცვის მხარის ამოცანაა პროცესი მალე დასრულდეს.

რა წერია მიქაუტაძის ჩვენებაში მკაცრად გასაიდუმლოებულია. "პირველებს" კონფიდენციალური წყარო გვიყვება, რომ მიქაუტაძეს ჩვენება არა მხოლოდ ლილუაშვილზე აქვს მიცემული მას კითხვები ღარიბაშვილზეც დაუსვეს.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.