ქარსელაძის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს

30.12.25 15:47
ქარსელაძის ყოფილი მოადგილე გირაოთი გაათავისუფლეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, გაბუნიას ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.

  • გამოძიება კობა გაბუნიას ბაღების და სკოლების მშენებლობებისთვის განკუთვნილი მილიონების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

  • აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც. 

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა. 

რას ედავება გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსან: 

  • მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ლაგი კაპიტალი“.
  • ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ „ლაგი კაპიტალი“ ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საავანსო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და „ლაგი კაპიტალს“, ეტაპობრივად, ავანსის სახით გადაურიცხა 11 200 000 ლარზე მეტი თანხა. ჩარიცხული თანხებიდან „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9 365 000 ლარს.
  • შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა.