სახალხო დამცველი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავების ფაქტს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
ლევან იოსელიანმა მეარაყიშვილის დაკავება უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა.
ომბუდსმენი ცხინვალს მოუწოდებს გაათავისუფლოს თამარ მეარაყიშვილი:
“გავრცელებული ინფორმაციით, უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული და დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სოციალური ქსელებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებული შიმშილობს.
თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში დააკავეს. აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ეზღუდებოდა ფუნდამენტური უფლებები - არ აძლევდნენ პასპორტს, არ გასცემდნენ საშვს მის შვილზე და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. აქტივისტი ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას პირად შეხვედრას სთხოვდა და აფრთხილებდა, რომ უარის შემთხვევაში მოედანზე ერთკაციან საპროტესტო აქციას მოაწყობდა.
ამავე ვიდეოში მეარაყიშვილი პირდაპირ საუბრობდა დე ფაქტო რეჟიმის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უთანასწორო მოპყრობაზე და შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, რითაც, მისი თქმით, „ხელისუფლების განუკითხაობას ამხელდა“.
ის 23 დეკემბრიდან შიმშილობს.