რას ლაპარაკობს კობახიძე და რა ხდება რეალურად - ხალხი გაძვირებულ პროდუქტებს აპროტესტებს

31.12.25 13:37
რას ლაპარაკობს კობახიძე და რა ხდება რეალურად - ხალხი გაძვირებულ პროდუქტებს აპროტესტებს

სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ახალი კამპანიის შემდეგ, მოსახლეობა კიდევ უფრო გაზრდილ ფასებზე საუბრობს. 

მოქალაქეები, რომლებიც დღეს, საახალწლო სუფრისთვის საყიდლებზე გავიდნენ ამტკიცებენ, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა. 

პენსიონერები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მოუწოდებენ ერთი თვე პენსიის ფულით იარსებონ და გამოსცადონ როგორია მათი ცხოვრება. 

ყველაფერი გაზრდილია, ყველა უკმაყოფილოა, ყველა ყველაფერს ვერ ყიდულობს, განსაკუთრებით კიდევ პენსიონერები და ცოტა უფრო ჩვენი მაღლა რანგის ხალხი იმიტომ, რომ ვერ წვდებიან ფასებს. 450 ლარით გამოუშვი ნებისმიერი პარლამენტარი და იყიდოს ისეთი საჭმელი, მთელი თვე გაყვეს იოლად, თუნდაც ახალ წლებს რომ იყენებს. ჩვენნაირად, რა თქმა უნდა, იმისი ხელფასები არ გვაქვს და ამიტომ, ჯობია გამოვიდნენ ქუჩაში, შეხედონ ხალხი რა დღეშია, ჩამოიარონ ბაზრებში, ჰკითხონ ჩვენი ფენის ხალხს, პენსიონერებს რითი ვსულდგმულობთ, წამალიც გვინდა, ყველა პირველი მაგას ვიძახით, პურიც გვინდა, საჭმელიც გვინდა და ახალი წელიც. ამ ჩვენი პენსიით იცხოვრონ ერთი თვის განმავლობაში და გამოსცადონ როგორი არის ჩვენი ცხოვრება," - ამბობს პენსიონერი. 

ემიგრაციაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანაში საშინელი სიძვირეა და პროდუქტები ევროპიდან ჩამოაქვთ. 

ჩამოსული ვარ საბერძნეთიდან, 30 წელია გადახვეწილი ვარ იქეთ, ჩამოვედი სექტემბერში და საშინელი სიძვირე, პენსიით ვერ გაიტანს ადამიანი თავს. იქ უფრო იაფია, იქ ვიყიდე ბრინჯი და იქიდან ჩამოვიტანე, შედედებული რძე, კარაქი, ბევრად იაფია იქეთ, ვიდრე აქ," - თქვა მოქალაქემ. 

შეგახსენებთ, რომ მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება. კობახიძემ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.

აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუს-მა დაიწყო.