"ივანიშვილმა კონტროლი დაკარგა" - ხუხაშვილი ასახელებს ჯგუფს, რომელიც შესაძლოა, კობახიძის უკან იდგეს

31.12.25 15:33
"ივანიშვილმა კონტროლი დაკარგა" - ხუხაშვილი ასახელებს ჯგუფს, რომელიც შესაძლოა, კობახიძის უკან იდგეს

რა ხდება "ქართულ ოცნებაში"- პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე კარგად ესმოდა, რომ სისტემა "კორუფციით უნდა ეკვება", თუმცა ახლა კონტროლი დაკარგა. 

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე "პოლიტიკური არარაობაა", თუმცა შეიძლება მის უკან ბევრად უფრო სერიოზული, რუსული ძალები იდგნენ. 

ბატონ ბიძინას, რა თქმა უნდა, თავიდანვე კარგად ესმოდა, რომ კორუფციით უნდა ეკვება სისტემა, მან შემოიკრიბა ეს ხარბი ადამიანები, დაუგრძელა საბელი და გაუშვა საძოვარზე, ნუ შემდეგ პარსვა მოინდომა, ახლა ამ პარსვის ეტაპზე ვართ, მაგრამ თავიდან ესე, რომ მათ თვითონ გამოეკვებათ თავისი თავი კორუფციის შედეგად და ამით იქნებოდა უზრუნველყოფილი სისტემის სტაბილურობა. 

მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არის მშობელი მთელი ამ მანკიერების, ახლა აქვს უკვე პრობლემები გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად მან კონტროლი დაკარგა ამ პროცესზე, ხელისუფლება მთლიანად კრიმინალიზებულია და ასე რომ ვთქვათ, მაფიის ნებისმიერი ბოსი რაღაც ეტაპზე თვითონ დგება ხოლმე ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე. 

ნუ წარმოვიდგენთ რომ კობახიძე ებრძვის ბიძინას, კობახიძე თვითონ რა თქმა უნდა პოლიტიკური არარაობაა, მაგრამ მის უკან შეიძლება იდგნენ ბევრად უფრო სერიოზული ძალები, მათ შორის ტრანსნაციონალური ძალები, არა "დიფ სთეითი", როგორც მათ უყვართ ლაპარაკი, არამედ ასეთი ძალები ჩვენ უნდა მოვიაზროთ ძირითადად რუსეთში მყოფ კრიმინალურ და სპეციალური დანიშნულების წრეებში," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.