ოპოზიციის პასუხი პაპუაშვილს: ჯერ გავხდეთ ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ია და მერე ვილაპარაკოთ, რომელ კომისიას დავტოვებთ ან არა

08.01.26 15:47
ოპოზიციის პასუხი პაპუაშვილს: ჯერ გავხდეთ ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ია და მერე ვილაპარაკოთ, რომელ კომისიას დავტოვებთ ან არა

"ჯერ საქართველო გახდეს ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ია და მერე ვილაპარაკოთ, რომელ კომისიას დავტოვებთ ან არ დავტოვებთ" - ასე პასუხობენ ოპოზიციის წარმომადგენლები შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს  ვენეციის კომისია "პოლიტიკურ იარაღად" მოიხსენია და ამტკიცებდა, რომ ის პოლიტიკურ დასკვნებსა და მოსაზრებებს იღებს. 

პაპუაშვილმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის გასვლას 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის ვენეციის კომისიიდან.

"რაც შეიძლება უსარგებლო იყოს ტრამპისთვის, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს საქართველოსთვის" - ეუბნება "ოცნებას" გახარიას გუნდის წევრი, გიორგი შარაშიძე.

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიას უპირისპირდება - მისი შეფასებით, "ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები".
  • პაპუაშვილის მტკიცებით, "ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა", კომისია იღებდა "პოლიტიკურ დასკვნებსა და მოსაზრებებს".

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი არის აშშ-ის პრეზიდენტი, იმ ქვეყნის, სადაც დემოკრატია არის ყველაზე მეტად განვითარებული და რადგან ამ კითხვას მისვამთ, სავარაუდოდ ამ საკითხის გამოყენებას "ოცნება" ცდილობს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. შევახსენეოთ "ოცნებას", ბატონ პაპუაშვილს და ყველას, ვინც ამ საკითხს იყენებს პროპაგანდისთვის, რომ ჯერ საქართველო გახდეს ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ია და მერე ვილაპარაკოთ, რომელ კომისიას დავტოვებთ ან არ დავტოვებთ. რაც შეიძლება უსარგებლო იყოს ტრამპისთვის, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს საქართველოსთვის, ასე რომ  ამის ერთმანეთთან შედარება არ არის სწორი", - ამბობს გიორგი შარაშიძე.

პაპუაშვილს დღეს გამოეხმაურნენ "ძლიერ საქართველოშიც" - თაზო დათუნაშვილის თქმით, ვენეციის კომისიას საკმარისზე მეტი გავლენა აქვს იმისათვის, რომ საქართველოს "ავტოკრატიული რეჟიმის კანონებზე სწორი დასკვნები გამოიტანოს".

ყველაფერი ამას აჩვენებს მათი რიტორიკა, მათი ქცევა - რა თქმა უნდა, მათ სურვილი აქვთ, რომ საქართველო არ იყოს არცერთი იმ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც მათზე ზემოქმედების ბერკეტები ექნება. ვენეციის კომისიას საკმარისზე მეტი გავლენა აქვს იმისათვის, რომ საქართველოს ავტოკრატიული რეჟიმის კანონებზე სწორი დასკვნები გამოიტანოს. ეს არაფერ შუაში არ არის. ამერიკის მაგალითის შემოტანაც აბსოლუტურად სხვა განზომილება არის საქართველოსთან მიმართებაში", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი. 

ის ფაქტი, რომ შტატებსი ვენეციის კომისიიდან გასვა უნდა, პრობლემას ვერ ხედავს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. მისი თქმით, ვენეციის კომისია ევროპული სტრუქტურა და "აშშ იქ მხოლოდ რაღაც თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი". 

ვენეციის კომისია არის სათათბირო ორგანო ევროსაბჭოში, ამიტომ გასაგებია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ გაგებით, რომ ევროპული სტრუქტურა და აშშ იქ რაღაც თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი, ამიტომ მანდ მე ვერ ვხედავ პრობლემას. პარტიებსაც აკრძალავენ, იმ პოლიტიკურ ლიდერებსაც დაიჭერენ, რომლებიც ჯერ დაჭერილები არ არიან და დაიჭერენ მათ, ვინც იაქტიურებს და ვისშიც ძალას დაინახავენ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, ვენეციის კომისია ოპოზიციის აკრძალვის კანონზე ახალ სამართლებრივ დასკვნას ამზადებს, რომელიც მარტში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები 66 ორგანიზაციას ტოვებს, მათ შორის ვენეციის კომისიას.