ცესკო-მ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ხაშურში ხმების ხელახალი გადათვლა დაიწყო

01.11.21 18:10
ცესკო-მ  თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ხაშურში ხმების ხელახალი გადათვლა დაიწყო

 თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ხაშური - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების ხელახალი გადათვლა დაიწყო. ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა ქალაქში გადაითვლება 5 უბნის მონაცემი, ამას კიდევ 2 უბანი დაემატება, რისი ინიციატივაც გუშინ ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა.

თბილისში ხმების გადათვლა დაიწყო. 30 ოქტომბრის შემოხაზული და გადახაზული ბიულეტენები სპორტის სასახლეში აქვთ მიტანილი და მათი ხელახლა შესწავლა მიმდინარეობს. მთელს პროცესს ვიდეოკამერები იღებენ. თბილისის უბნების გადათვლა საბურთალოთი დაიწყო, სადაც 97 უბნიდან 7 უბნის ბიულეტენების გადათვლა მოხდება. ეს უბნები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა. იმ შემთხვევაში, თუ გადათვლილი ხმების რაოდენობა არ დაემთხვევა შემაჯამაბელ ოქმში მოყვანილ ხმების რაოდენობას, ახალი შემაჯამებელი ოქმი შედგება, აქვე ეყრება კენჭი და შედგება ახალი მონაცემები.

ხმების გადათვლის პროცესი 5 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, კომისიის წევრები სწრაფ ტესტირებას გადიან და პროცესი ჭიანურდება. 

ხმაურია ბათუმში, სადაც ასევე მიმდინარეობს ხმების ხელახალი გადათვლა. აჭარის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა ბიულეტენი, რომელსაც უკანა მხარეს რეგისტრატორის ბეჭედი არ აქვს, ბათილად ითვლება, ხოლო რაც შეეხება ბიულეტენზე საწერი კალმით მიწერილ კომენტარებს, მათ ყურადღება არ ექცევა, მთავარია, ამომრჩევლის ნება მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული.

კანონმდებლობა გვავალდებულებს 5 უბნის შედეგის გადათვლას, რომელიც ლოტოტრონის პრინციპით შეირჩევა, ამას ემატება დამატებით 2 უბანი, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის ინიციატივის საფუძველზე დაემატა, ჯერ დავასრულებთ 5 უბნის შედეგის გადათვლას, შემდგომ იმ დამატებული ორის -  განმარტავს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ციალა შავაძე.

მსგავსი სიახლეები