ვისთან და რომელ ტელეეთერში დასხდებიან სადებატოდ - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

23.01.26 13:40
ვისთან და რომელ ტელეეთერში დასხდებიან სადებატოდ - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

ვისთან და რომელ ტელეეთერში დასხდებიან სადებატოდ? ეს კითხვა დღეს "პირველებმა" "ოცნების" დეპუტატებს დაუსვა. ივანიშვილის გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში იდებატონ, თუმცა მნიშვნელობა აქვს ფორმატს. 

თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ დებატების სურვილი ყოველთვის ჰქონდათ, თუმცა ოპოზიციას ამის გაკეთება "აუკრძალეს". ამასთან "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ თავად გადაწყვეტენ, ვის უნდა ედებატონ. 

ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობაზე. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აუკრძალეს ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან. თუ იქნება ისეთი ფორმატი შემოთავაზებული და არა მხოლოდ ცარიელი წინადადება, სადაც ყველა მხარე დარწმუნებდა, რომ იქ დებატების თანასწორუფლებიანი საშუალება იქნება და არავითარი, ვთქვათ, საცირკო სანახაობის არანაირ საშუალებას არც ის წამყვანი, ვინც იქნება, არ მისცემს არცერთ მხარეს, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ მოგვცეს და იმათ არა ან პირიქით, რა თქმა უნდა, ყველაფერი მისაღები იქნება.

ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ. უნდა? აქვს არგუმენტები? ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს. თვითონ კობახიძე გადაწყვეტს მის გაკეთებას? მაშინ თითონ გააკეთებს, - ამბობს შარმანაშვილი. 

დებატების მზაობას გამოთქვამს გურამ მაჭარაშვილიც. შარმანაშვლის მსგავსად, ისიც ყურადღებას დებატების ფორმატზე ამახვილებს.  

ჩვენ, "ხალხის ძალა", ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს ვმართავთ და ჩვენ ჩვენი პოზიციონირება გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგად იცით, რომ პირველი, ვინც, მათ შორის, არა მარტო დებატებს არ შევუშინდით, არამედ დაპირისპირებას არ შევუშინდით, ჩვენ ვიყავით, რომლებმაც დავტოვეთ უმრავლესობა, გამოვედით და სიმართლე ვუთხარით ხალხს, რომელიც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ გაამართლა, ამიტომ ბუნებრივია, ჩენ დებატების არ გვეშინია.

აქ მარტო ტელევიზიაზე არ არის, სად იქნება. ეს ერთია, მაგრამ მეორე ისიც, რა ფორმატი იქნება, - ამბობს მაჭარაშვილი. 

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყენაში“.

“ოცნების“ პრემიერის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებთან არ აპირებს პირისპირ საუბარს.