"საჯარო დისკუსიის სივრცე თავად "ოცნებამ" გააქრო" - ოპოზიცია დაანონსებულ დებატებზე

23.01.26 14:05
"საჯარო დისკუსიის სივრცე თავად "ოცნებამ" გააქრო" - ოპოზიცია დაანონსებულ დებატებზე

ოპოზიცია "ქართულ ოცნებასთან" დებატებისთვის მზაობას აცხადებს. ივანიშვილის გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ სინამდვილეში, საჯარო დებატების სივრცე თავად "ქართულმა ოცნებამ" გააქრო. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილის ხელისუფლებამ ჯერ პოლიტიპური პატიმრები გაათავისუფლოს. საუბარია იმ პოლიტიოსებზე, რომლებიც, მისი თქმით, კობახიძეს სადებატოდ უნდა დაუსხდნენ. 

საზოგადოებრივ მაუწყებელზეც კი არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. ანუ არცერთი სახელისუფლებო მედიის სტუმრადაც კი არ მივუწვევივარ და ახლა რა დებატებზეა საუბარი? თუ ვინმეს არ უნდა დებატები, ეს არის "ქართული ოცნება". გახსნიან რეალური დებატებისთვის? რა თქმა უნდა, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ, ოღონდ ასევე მძევლები გამოუშვან, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც უნდა ედებატოს კობახიძეს, მაგალითად, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, დღეს არის ციხეში, - ამბობს თენგო თევზაძე. 

"ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" მათ მნიშვნელოვან თემებზე სადებატოდ დაუჯდება.  

ვინ გააქრო საჯარო დისკუსია პოლიტიკური ცხოვრებიდან, ოპოზიციამ? თავად მათვე. ახლა გადაწყვიტეს დემოკრატიულობანას თამაში. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ, ბუნებრივია, არ გვაქვს არანაირად იმის მოლოდინი, რომ ისინი დაგვისხდებიან დებატებში იმ თემებზე სასაუბროდ, რომელიც არის პირველხარისხოვანი. ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება და მათი არსებობა, 2024 წლის არჩევნების მიტაცება, ხელისუფლების მიტაცება, პარტიების აკრძალვა, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ. ამ თემებზე და ყველაზე მთავარ - საგარეო კურსის ცვლილებაზე, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, ამ თემაზე არიან მზად სადებატოდ?, - ამბობს გიორგი სიორიძე.  

გახარიას გუნდში მიაჩნიათ, რომ დებატებში მონაწილეობა აუცილებელია, თუნდაც ეს "ოცნების" მხრიდან თავსმოხვეული ფორმატი იყოს. ამასთან, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია სადებატოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დაუჯდება. 

მიუხედევად ნებისმიერი ფორმატის, რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს "ოცნების" მხრიდან, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. იმისთვის, რომ "ოცნებას" საკუთარ მოედანზე, პირში ვუთხრათ სიმართლე. გახარიასთვის ოპონენტი იქნება ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ და მხოლოდ. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია რომ ირაკლი კობახიძესთან დებატებში არ დაჯდება, მემგონი, თქვენც კარგად ხვდებით, - ამბობს გიორგი შარაშიძე.  

 "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ თავად "ოცნების" ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თავად რა ნაბიჯებს გადადგამს კონსტრუქციული დიალოგისთვის.

დღევანდელ სისტემაზე და დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თვითონ რა ნაბიჯებს გადადგამს. ახლა, როდესაც პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს დატოვებს საპატიმროში და საერთოდ, ამ მხრივ არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს და პირიქით, მუდმივად არის დამცირების, ლანძღვის და შევიწროების მცდელობაში, ასეთ ვითარებაში კონსტრუქცილად ლაპარაკი ძნელია, - ამბობს გიგი წერეთელი.  

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყენაში“.

“ოცნების“ პრემიერის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებთან არ აპირებს პირისპირ საუბარს.