გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ ივანიშვილი იქნება - შარაშიძე დაანონსებულ დებატებზე

23.01.26 14:13
გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ ივანიშვილი იქნება - შარაშიძე დაანონსებულ დებატებზე

გახარიას გუნდში მიაჩნიათ, რომ დებატებში მონაწილეობა აუცილებელია, თუნდაც ეს "ოცნების" მხრიდან თავსმოხვეული ფორმატი იყოს. ამასთან, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია სადებატოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დაუჯდება. 

მიუხედევად ნებისმიერი ფორმატის, რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს "ოცნების" მხრიდან, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. იმისთვის, რომ "ოცნებას" საკუთარ მოედანზე, პირში ვუთხრათ სიმართლე. გახარიასთვის ოპონენტი იქნება ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ და მხოლოდ. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია რომ ირაკლი კობახიძესთან დებატებში არ დაჯდება, მემგონი, თქვენც კარგად ხვდებით, - ამბობს გიორგი შარაშიძე.  

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყენაში“.

“ოცნების“ პრემიერის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებთან არ აპირებს პირისპირ საუბარს.