"არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც მისაყვანია ბოლომდე" - ოპოზიცია პარლამენტის დატოვებაზე
პარლამენტის დატოვების შესახებ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამ დრომდე საკუთარ გადაწყვეტილებას არ ასაჯაროებს. ,,ენმ"-ს წევრები ამბობენ, რომ საკითხი კარგად უნდა აწონ-დაწონონ.
საბოლოო გადაწყვეტილება პარტიაში მიღებული არ არის იმიტომ, რომ სხვადასხვა არგუმენტების განხილვა და შეჯერება ხდება, მათ შორის, მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადაგვიყვანდა, ან ის, რომ პარლამენტარის მანდატი იძლევა პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას და ამ კომუნიკაციის არხის დატოვებას, რომელიც შესაძლებელია, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი და წონადი არგუმენტია დასაბალანსებელი, შეჯარებელი, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ამავე აზრზს იზიარებს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, სერგი ჩიხლაძეც. მისი თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ჩიხლაძე ასევე ფიქრობს, რომ თუ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებს, ოპოზიციის პარლამენტში დარჩენას აზრი აღარ ექნება.
არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, იგივე, სრულად პროპორციული. თუ ყველა პარლამენტარი დატოვებს, ანუ ის 113 ხმა ვერ მოგროვდება, ისევ 120/30-ზე რჩება. თუ ესეც ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ ,მაშინ მართლა მეც ვფიქრობ, რომ აზრი აღარ ექნება, თუ ეს რეფორმაც არ გაკეთდა პარლამენტში ყოფნას. ეს არის სრულიად ოპოზიციური სპექტრის შესათანხმებელი, იმიტომ, რომ ასე ცალკეულად ერთი და ორი დეპუტატის გასვლა არაფერის მომტანი არ არის, - თქვა სერგო ჩიხლაძემ.
მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლებამ თავი გამარჯვებულად გამოიცხადა, პარლამენტი რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა.