"ციხიდან გაშვებული 2 დამნაშავე და გახარიას ღალატი" - კობახიძემ 1 წელი შეაჯამა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სესიაზე 1 წლიანი პოლიტიკური პროცესი შეაფასა. კობახიძის თქმით, 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში ხელოვნური კრიზისი იყო შემქნილი. კობახიძემ გიორგი გახარიას დემარშიც გაიხსენა და მას მოღალატე კიდევ ერთხელ უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას დამნაშავეების გაშვება უწოდა.
30 ოქტომბერს დასრულდა არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პოლიტიკური პროცესი. ეს იყო 6-თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი - სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი, ამ ფონზე ციხიდან გაშვებული 2 დამნაშავე, ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი, ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო მის მიერ პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, ჩვენ ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი და 47%-იანი მაჩვენებლით გავიმეორეთ შარშანდელი შედეგი", - თქვა კობახიძემ.