მერიის მაღალჩინოსნების გადამალული ქონება - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

25.01.26 17:16
მერიის მაღალჩინოსნების გადამალული ქონება - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

შაბათის ეთერში გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების დიდძალ ქონებებს ეხება, ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოში გამოვლენილი სავარაუდო კორუფციული სქემები ვერ იმუშავებდა თბილისის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე და მოითხოვენ, საქმის სრულმასშტაბიანი და დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყოს.

კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესო დონაძე პასუხისმგებლობას პირდაპირ კახა კალაძეს აკისრებს და აცხადებს, რომ მერიის სისტემაში ბიუჯეტის ხარჯვაზე საბოლოო კონტროლი სწორედ მერს ეკისრება.

ზოგადად, კახა კალაძე არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს ისეთი მერია, მაგრამ პირდაპირი პასუხისმგებლობაა კახი კალაძის როგორც პოლიტიკური და ნორმალური გამოძიების პირობებში, ასევე სამართლებრივიც. კახა კალაძის მიერ არიან დანიშნულები ის ადამიანები, რომლებმაც ფული მოიპარეს ბიუჯეტიდან. კახა კალაძე არის მერიის სისტემაში ბიუჯეტის ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი. კახა კალაძეა, რომელმაც ბიუჯეტი წარადგინა საკრებულოში. საკრებულო არის მაკონტროლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ნოტარიულია უფრო საკრებულო, იმიტომ, რომ არაფერს აკონტროლებს და საკრებულო უნდა აკონტროლებდეს მისივე დამტკიცებულ ბიუჯეტს. ერთი ადამიანის წინაშეა პასუხისმგებელი კალაძე - ეს არის ივანიშვილი. სხვა შემთხვევაში რომ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, იმიტომ არის ეს სტრუქტურა ჩამოშლილი, იმიტომ არის, რომ საკრებულო ვერ ბედავს ვერაფერი გააკეთოს, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი მიიჩნევს, რომ პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო არაერთი მაკონტროლებელი უწყება, თუმცა სისტემური უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მერზე, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეც ვრცელდება. 

ამ პროცესს უნდა აკონტროლებდეს სარევიზიო კომისია საკრებულოსი, ამას უნდა აკონტროლებდეს შიდა აუდიტი თბილისის მერიის, ამას უნდა აკონტროლებდეს პროკურატურა, შსს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ა.შ. ადამიანები იპარავენ ფულს, ამას ვერ იგებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, შემდეგ აფორმებენ ამ ბინებს სხვების სახელზე და ამასაც ვერ იგებენ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ არაერთი უწყება არის ამაში ჩართული, უფრო სწორად, იჩენს გულგრიობას, უპასუხისმგებლობას და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებელი არის თბილისის მერი კახი კალაძე, მაგრამ ასევე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია "ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობა, - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.

პოლიტიკოსი ნიკა ფარულავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კალაძე, როგორც არჩეული მერი და „მეურვე“, პასუხისმგებელია ყველა ხელქვეითის ქმედებაზე და კორუფციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საკითხი მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღარ უნდა შემოიფარგლოს. 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალაძე არის თბილისის მერი, იგივე მეურვე, შესაბამისად, მეურვის პასუხისმგებლობაა, ყველა მისი ხელქვეითის, გადაცდომა იქნება, დანაშაული თუ რაც არ უნდა იყოს. და, გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის, როცა ფულის შოვნასა და კორუფციაზეა საქმე, აქ ცხადია, აქ უნდა დადგეს სხვა ტიპის პასუხისმგებლობა. ამ კუთხით, რომ კალაძე დიდ შარშია, ეს არის ცხადი, უბრალოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, არჩეული მერის დაჭერა რამდენად პრობლემას შეუქმნის ან არ შეუქმნის "ქართულ ოცნებას", - ამბობს ნიკა ფარულავა. 

„შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიება თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოს ორი ყოფილი მაღალჩინოსნის ქონებრივ მდგომარეობას ეხება და ასახავს, როგორ გახდა მათი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებული ათობით უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები და ბინები მოკლე პერიოდში, სესხებისა და იპოთეკის გარეშე. გამოძიების თანახმად, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ყოფილი უფროსის, შალვა ანდღულაძის, და საფინანსო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით კერესელიძის, ახლო ნათესავების საკუთრებაშია პრესტიჟულ უბნებში მდებარე სახლები, ბინები და მსხვილი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ინდუსტრიულ ზონებსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტოში გამოვლენილი დარღვევები, შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და საქმე პროკურატურას გადაეცა, ხოლო ორივე მაღალჩინოსანი ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფლებაზე.