რა შეიცვალა რუსთავის ციხეში ღარიბაშვილის და ლილუაშვილის შესახლების შემდეგ - თარგამაძე პატიმრობის დეტალებს ჰყვება

26.01.26 11:16
რა შეიცვალა რუსთავის ციხეში ღარიბაშვილის და ლილუაშვილის შესახლების შემდეგ - თარგამაძე პატიმრობის დეტალებს ჰყვება

რა შეიცვალა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის შესახლების შემდეგ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე “პირველებს“ პატიმრობის დეტალებს უყვება.

როგორც თარგამაძე ამბობს, პირველი, რაც მოხდა, იყო ის, რომ კოსმეტიკური ცვლილებები განხორციელდა.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ოცნებას“ ურჩევს, ვიდრე თავისუფლებაზე არიან რუსთავში წყლამომარაგების პრობლემა მოაგვარონ.

კოსმეტიკური რაღაცები დაიწყო, იქ განათებები გამოცვალეს, კიდევ თქვეს, რომ რაღაცები შეიცვლება, საჭმელი დაუშვეს მაგალითად. ახლა 7 მილიონი რომ კარადაში გიდევს, ალბათ არ გინდა, რომ ეს ჭამო, თორე სრულიად ჩვეულებრივად იჭმევა ის საჭმელი. საბოლოო ჯამში ხომ შეავსებენ ამ ციხეს და იმ ახალ ტრენდზე დაჯდებიან - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი უბანი, ერთი მარკეტი, ერთი პარტია და ერთი ციხე, უბრალოდ, მართლა ვურჩევ ქოცებს, რომლებიც რიგში არიან, არ აღიარებენ შეიძლება, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ არიან, სანამ გარეთ არიან და შეუძლიათ, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს მიხედონ, შემდეგ მრავალი წელი, ცხელი ზაფხულის დღეების მანძილზე, ჩემი მადლობლები იქნებიან, ამ რჩევის გამო, იმიტომ რომ ამ ციხეში წყალია პრობლემა.

ამათთან შედარებით სასაცილოა მდინარაძე და ეს შიშისგან მოცახცაზე კობახიძე. ამიტომ, მე იმიტომ ვამბობ, რომ სულ უნდა იყოს მზარდი ეს ქუჩის პროტესტი, რადგან დარწმუნებული ვარ 1 წლის წინანდელ ნიშნულამდეც რომ მივიდეს პროტესტი, ამას ესენი ვეღარ გაუძლებენ. ყოველ ღამე დაესიზმრება, რომ იმ ვენესუელაში თავისი კაცი ჰყავდათ ამერიკელებს იმ პრეზიდენტთან. ახლა ეძებოს რომელია ის თავისი კაცი და ვინც ჰყავთ ყველაზე ერთგული კაცი, ჩუბინიძე, მაგათაც იმსხვერპლებს, აი ნახავთ თუ არა. ხომ ვეუბნები, როგორც კი ჩუბინიძეს დაიჭერ, იქ დამთავრდება შენი საქმე, დაიჭერს მაინც , - ამბობს თარგამაძე.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა.

გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.