ვისთან (არ) იდებატებს "ოცნება" - კომენტარი

26.01.26 15:53
ვისთან (არ) იდებატებს "ოცნება" - კომენტარი

"ოცნება" ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, ვისთან და რომელ არხზე დაჯდება სადებატოდ. ივანიშვილის გუნდში ისევ არ აკონკრეტებენ, დასხდებიან ოპონენტებთან ერთ კონკრეტულ არხზე თუ კრიტიკული არხებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს შეწყვეტენ. 

"ოცების" დეპუტატი ნინო წილოსანი პირდაპირ ამბობს, რომ ასაკრძალი პარტიების წარმომადგენლებთან დებატებში არ შევა. მისი თქმით, ეს არის მისი ერთ-ერთი პირობა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

ამასთან დეპუტატის თქმით, მას ეშინია, რომ დებატების დროს ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს. 

ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. ეს ჩემთვის იქნება ერთ-ერთი პირობა, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ. ნაცები და ნაცების ანასხლეტები, - ამბობს წილოსანი.

თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია "ფორმატი", რადგან იქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს "ბულინგს" და "შეურაცხყოფას". 

არ შეიძლება, ასე თითი გაიშვირო, იქ მოვალ, იქ არ მოვალ...ან შენთან მოვალ, შენთან არ მოვალ. ველოდები პრესისგან კონკრეტულ წინადადებებს. თუ ეს ფორმატი იქნება მისაღები, თუ ეს ფორმატი იქნება დამაჯერებელი, რომ ეს არ იქნება რაღაც სანახაობის შემქმნელი, არამედ მართლა ისეთი პლატფორმა იქნება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება აზრის ისეთი გამოხატვა, სადაც მთავარი არსი ერთმანეთის შეურაცხყოფა და ერთმანეთის დაბულინგება კი არა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იქნება, ერთმანეთის ოპონირება იქნება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

ამასვე ამტკიცებს დავით მათიკაშვილიც და ამბობს, რომ ერთადერთი წინაპირობა ობიექტური და ცილისწამებისგან დაცლილი გარემოს უზრუნველყოფაა. 

მედიასაშუალებებისგან შესაბამი ფორმატებს ველოდებით. აქ არის ერთადერთი წინაპირობა, თუკი ამას შეიძლება, წინაპირობა დაერქვას, უნდა იყოს ობიექტური, ცილისწამებისგან, შეურაცხყოფისგან, გინებისგან თავისუფალი გარემო, სადაც პოლიტიკოსები და არა მხოლოდ, შეძლებენ თავისუფლად იდებატონ და საზოგადოებას დაანახონ, თუ ვინ  არის მართალი და ვინ არის მტყუანი, - ამბობს მათიკაშვილი. 

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

ამასთან, კობახიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ოპონენტებს დისკუსიაზე უარს ეტყვის. კობახიძის მტკიცებით, არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ, პირდაპირ თუ ირიბად აარიდონ თავი დებატებს, რათა ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გააგრძელონ და “სიძულვილი გააღვივონ ქვეყანაში“.

“ოცნების“ პრემიერის თქმით, სწორედ ასეთ ადამიანებთან არ აპირებს პირისპირ საუბარს.