ოპოზიციის წარმომადგენლები დღეიდან გადათვლაში მონაწილეობას არ მიიღებენ
ოპოზიციის წარმომადგენლები დღეიდან გადათვლაში მონაწილეობას არ მიიღებენ - საგანგებო განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, თამარ კორძაიამ, გააკეთა.
ოპოზიციის ოფისში გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში აღნიშნავდნენ ძალადობით, შანტაჟით და გაყალბებით მოპოვებული გამარჯვების შედეგებს, თუმცა მინდა, მათ შევახსენო, რომ ჯერ პროცესები არ დასრულებულა და პროცესი მიმდინარეობს არსებითი დარღვევების ფონზე. საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირთული 300-მდე ვიდეო, მხოლოდ თბილისის მასშტაბით გამოქვეყნებული არ არის 106 უბნის ამსახველი ვიდეოკადრები. მნიშვნელოვანია, რომ უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა ჩაწერა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არ არის, ან ცუდი ხარისხით არის ჩაწერილი. კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ უბნებზე მდგომარეობა შეცვლილია და ხელისუფლება ამას იყენებს მანიპულაციისთვის. ამ ფონზე, როდესაც ამ მასშტაბის ვიდეოები არ არის ატვირთული მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, ისიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თუ კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, არ იძლევა არავითარ სურათს და არავითარი შედეგის მაჩვენებელი არ არის, გარდა იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფასადურ პროცედურულ დემოკრატიასთან.
მნიშვნელოვანია, შემდეგი ფაქტორები გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლა-გადამოწმება ხდება არასწორად და კანონის მოთხოვნების დარღვევით.
პირველი - გადათვლა ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, ხოლო ეს დოკუმენტაცია საოლქო კომისიებში ინახება და მასზე წვდომა აქვს საოლქო კომისიის წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის იქნა დაყენებული მოთხოვნა, რომ საარჩევნო დოკუმენტაცია, რომელსაც საუბნო კომისიები წარუდგენენ საოლქო კომისიას, შენახული იყოს კონკრეტულ ოთახში და მას მუდმივად ჰქონდეს დაკვირვება ვიდეოთვალის მეშვეობით, ოპოზოციის ეს მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან არ გაითვალისწინეს. ასევე, გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ტენდენციურად, ხარვეზიანად, არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის, რომ გადათვლისას ხდება მხოლოდ ბიულეტენების გადათვლა, არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს, რაც არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ნაწილია. ხელმოწერები და სამაგიდო სიები რჩება არჩევნების „აქილევსის ქუსლად“, რადგან მანიპულაცია სწორედ სიებით და ხელმოწერებით ხდება. შესაბამისად, მოვუწოდებთ კომისიებს, რომ საარჩევნო სიები, სამაგიდო სიები, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რადგან საზოგადოებას აქვს რწმენა, რომ არჩევნები გაყალბდა გასაჯაროვდეს.
დღეიდან შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლას გამოეთიშებიან ჩვენი წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ არანაირი აზრი ამ პროცესში მონაწილეობას არ აქვს, რადგან არ ითვალისწინებენ არც ერთ მოსაზრებას, შენიშვნას, თუ საჩივარს. დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ მიიღებენ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ ვაგრძელებთ გასაჩივრებას და ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივრების, ყველა საკითხის განხილვაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.
ბოლოს, მინდა მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ დაიწყონ გამოძიება ყველა იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც არ აიტვირთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. ასევე, კვლავ დღეს მივმართავთ საჩივრებით კომისიას ამ ვიდეო დაკვირვების შედეგბთან დაკავშირებით და მოვითხოვთ სრულფასოვან შესწავლას და პასუხების გაცემას“, - განაცხადა კორძაიამ.