ვდებ ფიცს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ სააკაშვილის გასათავისუფლებლად - ნიკა მელია
ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ მიმდინარე აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ფიცი დადო და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.
მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მისი ვალდებულებაა:
აი, აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ის. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენ და მასაც გავათავისუფლებ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ბატონი გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი არაა...
მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, "- თქვა მელიამ.
მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე ვიდრე სიმართლე არ გაიმარჯვებს.
ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გავუსწორებო, უნდა ვაიძულოთ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში, რისთვისაც ვართ მზად ყველა ქალაქში. ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო?
დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში. არ გვინდა, რომ ერთმანეთთან გაგვიჩნდეს შეკითხვა და მომავალში ჩვენმა შვილიშვილებმა კითხვები დაგვისვან, სად იყო ის მომენტი, როდესაც ვერ იმოქმედეთ და ჭაობი დააკანონეთო? ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხს გავცემთ უახლოეს მომავალში...
მეორე შეკითხვა იბადება, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც უკანონოდ გამოკეტილია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში, როგორც ჩვენი თანამებრძოლის და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, არ არის ჩვენი სურვილი, ეს არის ვალდებულება"- აღნიშნა ნიკა მელიამ.