გადაიყვანეთ დაუყონებლივ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში - აქცია რუსთავის ციხესთან
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს რუსთავის სასჯელაღსრულების მე 12-ე დაწესებულებასთან. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ეს აქციები დაიწყო რუსთავის ციხესთან და გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, მაგრამ არც მრავალდღიანი, რადგან სააკაშვილის სიცოცხლეს შიმშილობის გამო საფრთხე ემუქრება. მოვითხოვთ, გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში.
ხვალიდან, ყოველ დღე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან ყველა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები რას ფიქრობდნენ წინა წლებში, როგორია მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არიან თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები, ყველა ოპტიმისტი, რომელსაც არ უნდა იმ ეპოქაში ცხოვრება, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ კლავენ, ყველა მოვა აქ და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ხმამაღლა, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ორგანიზატორების განმარტებით, აქცია რუსთავის ციხესთან ყოველდღიურად გაიმართება, სანამ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.