ავტორიტარიზმთან ბრძოლა ადვილი არ არის - ელენე ხოშტარია
,,ავტორიტარიზმთან ბრძოლა ადვილი არ არის, მაგრამ თუ ერთად ვიქნებით, მას დავამარცხებთ - ამის შესახებ ,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ბათუმში აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.
აქ ჩამოვედით ყველა ლიდერი, რათა ერთად ვიბრძოლოთ, რადგან ერთობაა ერთადერთი, რასაც ვერაფერი დაამარცხებს, ვერც ბიძინას ფული, ვერც ვერავის ზიზღი, ვერც სუსი, ვერც უნამუსო პოლიცია, ერთობა ერთადერთი რეცეპტია, რომელიც საქართველოს მომავალს შექმნის. ამ მომავლის დათმობას ჩვენ არც ერთი არ ვაპირებთ! ჩვენ შეიძლება, ვიყოთ სხვადასხვა პარტიებიდან და გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ არ არსებობს ქვეყანაში ნორმალური ადამიანი, ვისაც გული არ უსკდება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვინც ამას შეეგუება, არ აქვს მნიშვნელობა, მას სააკაშვილი მოსწონს, თუ არა.
საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში მთავარ დამნაშავე ივანიშვილის და ღარიბაშვილისგან.
ავტორიტარიზმთან ბრძოლა ადვილი არ არის , მაგრამ თუ არ შევდრკებით, ვიქნებით ერთიანი, გადავდებთ თავს, მას აუცილებლად დავამარცხებთ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ბათუმში, მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები გაყალბებულ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.