სასამართლო სისტემამ წევრების დემოკრატიული პროცესის მეშვეობით არჩევა ვერ შეძლო - აშშ-ის საელჩო

03.11.21 07:16
სასამართლო სისტემამ წევრების დემოკრატიული პროცესის მეშვეობით არჩევა ვერ შეძლო - აშშ-ის საელჩო

"სასამართლო სისტემამ ვერ შეძლო წევრების არჩევა დემოკრატიული პროცესის მეშვეობით" - შეერთებული შტატების საელჩო უმაღლეს საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ სისტემას რეფორმების განხორციელება არ სურს.

შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. რეფორმებს შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის. სასამართლო სისტემის ლიდერები ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას უსამართლოდ აკრიტიკებენ გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების, დაწინაურების ან ცვლილების არარსებობის გამო. თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს",- ნათქვამია განცხადებაში.

31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი  პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. 

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან. 

 

მსგავსი სიახლეები