ოპოზიცია: "ოცნება" რუსეთს დასავლური სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება
01.02.26 15:13
გაზიარება
ოპოზიციის წარმომადგენელი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირებული საეჭვო ეკონომიკური და ლოჯისტიკური პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების როლს რუსეთის ინტერესების მომსახურებაში. მისი შეფასებით, საქმე ეხება როგორც სანქცირებული ტვირთებისა და დეტალების გადაადგილებას, ისე საეჭვო გემების შემოსვლას, რაც, აქუბარდიას თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი რეჟიმი რუსეთს დასავლური სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება და ამით საქართველოსა და მის მოქალაქეებს დამატებითი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს.
იქნება ეს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი, იქნება ეს სანქირებული დეტალების მიწოდება რუსეთისთვის ფინეთიდან და ჩვენ ვნახეთ ის სკანდალი, რომელიც სულ ახლახანს, იქნება ეს, მათ შორის, საეჭვო გემების შემოსვლა დატვირთული მარცვლეულით და ამაზე მრავალი კითხვის არსებობა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის არა მხოლოდ რუსეთის დასაყრდენი საქართველოში, არამედ მათ შორის, დახმამრე დასავლური სანქციების თავიდან არიდების გზაში რუსეთისთვის. მათ შორის, სანქციების საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამიტომ ეს არის მოღალატეობრივი და კაპიტულანტური რეჟიმი, - ამბობს თეონა აქუბარდია.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, დავით მჟავანაძის თქმით, ხელისუფლება რეალური სატრანზიტო სქემების შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ამ პროცესს ხელს უწყობს და თავადაც მფარველობს.
გამოძიებით დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთის მიერ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მთავარ სივრცედ. დაადასტურა კიდეც ფინანსთა მინისტრმაც, რომ საქართველოდან ექსპორტზე პროდუქცია გადის არასანქცირებულ ქვეყნებშიო, თუმცა მას არ განუმარტავს ის, რომ მაგალითად, ყირგიზეთში ან ყაზახეთში, ან ტაჯიკეთში გასული პროდუქცია საქართველოდან იქნება ეს მანქანები თუ იქნება ეს გემის ნაწილები საქართველოს პორტებიდან, პირდაპირ რუსეთში მიდის და საბოლოო დანიშნულება არის რუსეთი. ეს მათ, რა თქმა უნდა, კარგად იციან, თუმცა ისინი არიან სწორედ ამ სქემის შემოქმედები და ამ სქემის მფარველები, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დავით მჟავანაძე.
ბათუმის პორტში 28 იანვარს შევიდა სატვირთო გემი ZHIBEK ZHOLY, რომელიც, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინული ხორბლის უკანონო ტრანსპორტირებაში ფიგურირებს. გემი მარცვლეულით დატვირთული რუსეთის პორტ იეისკიდან გამოვიდა, თუმცა საქართველოში შემოსვლამდე მისი მარშრუტი ბუნდოვანი აღმოჩნდა. „აი ფაქტის“ ცნობით, შავი ზღვის მონაკვეთში გემს რამდენიმე დღის განმავლობაში გამორთული ჰქონდა ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS), რის გამოც მისი გადაადგილება მონიტორინგის სისტემებიდან დროებით გაქრა.