"კალაძის გარშემო შავი ღრუბლებია შეყრილი" - ექსპერტები
"კახა კალაძის გარშემო შავი ღრუბლებია შეყრილი, ყველა რომ ელოდება, რომ დაიჭერენ"- ასე აფასებენ კორუფციის მკვლევარები თბილისის მერიასთან დაკავშირებულ კომპანიებში ჩხრეკის ჩატარების ფაქტს.
კორუფციის ექსპერტი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, დავით მჟავანაძე ამბობს, რომ კორუფციაზე კითხვები თბილისის მერიას და კახა კალაძეს უნდა დაუსვან.
- ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
- პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა.
მჟავანაძის შეფასებით, " თუ ეს კომპანია რამეში არის გახვეული კორუფციულად, მეორე მხარე აუცილებლად იქნება თბილისის მერია და კახა კალაძე":
ის რომ ამ კომპანიაში [ სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი] საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, დიდი ალბათობით უკავშირდება იმას, რომ კახა კალაძის გარშემო მიდინარეობს გარკეული საგამოძიებო მოქმედებები. ყველა შემთხვევაში ამ კოპანიასთან შემსყიდველი არის თბილისის მერია და თუ ეს კომპანია რამეში არის გახვეული კორუფციულად, მეორე მხარე აუცილებლად იქნება თბილისის მერია და კახა კალაძე. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციაში ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი არის გიორგი შარკოვი, რომელიც კახა კალაძის დროს თვილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში და პირდაპირ მასთან დაკავშირებული კაცია, რაც შეეხება გელა ძიძიკაშვილს [სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი], ის არის კაცი, რომელიც "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველია.
კახა კალაძის გარშემო შავი ღრუბლებია შეყრილი, ყველა რომ ელოდება, რომ კახა კალაძეს დაიჭერენ ეს დიდი ხნის მიმდინარე ამბავია. ეს ახალი საქმეც ადასტურებს, რომ კახა კალაძეს პრობლემები აქვს" - აცხადებს მჟავანაძე.
კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძეც თვლის, რომ პროკურატურა მერიის საქმიანობით არის დაინტერესებული.
მისი თქმით, გამოძიების ინტერესი დიდი ალბათობით კახა კალაძის მერობის პირველი წლებია. ამიტომ ექსპერტის თქმით, ის პასუხისმგებლობას ვერ გაქცევა.
თბილისის მერიისა და კახა კალაძის გადაწყვეტილების გარეშე, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელები დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. ამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არიან კალაძის დანიშნულები. ასე რომ კალაძეს როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუწევს. ოღონდ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამოკიდებულია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებაზე"- ამბობს დონაძე.