მანქანის დაზიანება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მამუკა დათიაშვილი კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერის თქმით, მანქანა ისე დააზიანეს, რომ სალონში არსებული ფასიანი ნივთებისთვის ხელი არ უხლიათ.
დღეს დილით როცა გამოვედი სახლიდან, მანქანა დამხვდა დაზიანებული. საქარე მინა იყო ჩამსხვრეული. სალონში სხვადასხვა ფასიანი ნივთი მელაგა, მაგრამ წაღებული არ არის. ბლაგვი საგნით იყო შუშა ჩამსხვრეული. ეჭვი მაქვს, ეს ვანდალური აქტი ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას უკავშირდება - ამბობს ,,ტვ პირველთან" მამუკა დათიაშვილი.
იმერეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ ოპონენტებზე ზეწოლა და რეპრესიები უფრო გააძლიერა.