ექსპერტი განმარტავს, რა პოლიტიკური გზავნილია აშშ-დან დაბრუნებული მაღალჩინოსნის ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება ირანის ისლამისტური რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბოჭორიშვილის მოადგილის სტუმრობასთან დაკავშირებით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლაშა დარსალია ირანის ისლამისტური რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და „საქართველოს მთავრობის სახელით მიულოცა ამ ქვეყანას ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღე".
ზუსტად 1 კვირით ადრე კი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის მოადგილეებს შეხვდნენ.
პოლიტიკის ექსპერტები თბილისში გამართულ ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ლაშა დარსალიას მონაწილეობას "პოლიტიკურ გზავნილს" უწოდებენ.
მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური გამოჩენა არის ირანის ისლამური რესპუვლიკის ღონისძიებაზე და ამავდროულად თბილისის ანძა განათებულია ირანის დროშის ფერებში, ეს რა თქმა უნდა არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და პირიქით, ემსახურება საქართველოსა და ისრაელს, საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას" - აცხადებს ექსპერტი გიორგი მელაშვილი.
შეგახსენებთ, 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს.
თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ.
ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ფაქტს ისრაელის საელჩოს და ირანელი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.