შალვა პაპუაშვილმა BBC-გან პასუხის მიღება დაადასტურა
შალვა პაპუაშვილმა BBC-გან პასუხის მიღება დაადასტურა - მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედიამ განაცხადა, რომ "ოცნების" სარჩელს უპასუხეს, ივანიშვილის გუნდის ლიდერმა მედიას უთხრა, რომ BBC-სგან პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
"მათ წინასწარვე ჰქონდათ თავის პოზიცია გამჟღავნებული რომ არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა" - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
"რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მივიღეთ მათი პასუხი. რა თქმა უნდა, მათ წინასწარვე ჰქონდათ თავის პოზიცია გამჟღავნებული რომ არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მივყვებით ამ პროცედურებს. იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ შიდა რეგულაციის მეორე დონეზე.
BBC-გან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს, თუმცა ამიტომაც მივყვებით ყველა პროცედურას, რომელიც საბოლოო ჯამში გამოცდილება გვეუბნება სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო, თუ ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველა დამარცხდა. აქაც ნახავთ მწარე მარცხს" - ამბობს პაპუაშვილი BBC-გან მიღებულ პასუხზე დასმულ კითხვაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დამალეს BBC-გან მიღებულ პასუხი და ის ინფორმაცია, რომ არც ბოდიში მოიხადა და არც ფილმი წაშალა, პაპუაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:
მანამ, სანამ საჩივარს გაეცნობოდნენ, არგუმენტებზე დაფიქრდებოდნენ, ცოტა კრიტიკულ ანალიზს ჩაატარებდნენ შიგნით მაინც, პირველი რეაქცია მათგან იყო, არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ ჟურნალისტებს, ასე, რომ მათ, ყველაფერთან ერთად, რაც იქნება ჩვენს ერთ-ერთ არგუმენტაციაში, გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა არის ფარსი, რაც ბრიტანეთში არსებობს. რა არის დასამალი ამაში, რამდენიმე დღის წინ მოვიდა და გეუბნებით
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას, BBC-ს საჩივრით 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო მიმართა.
გამოძიების თანახმად, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.