12 ცარიელი ადგილი ხართ შემოპარული პარლამენტში - კირცხალია გახარიას გუნდს

17.02.26 15:43
12 ცარიელი ადგილი ხართ შემოპარული პარლამენტში - კირცხალია გახარიას გუნდს

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას "ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. ირაკლი კირცხალიამ გახარიას გუნდის წევრებს უთხრა, რომ ისინი "მშიშარა კაცის" გუნდს და "პარლამენტში შეპარულ 12 ცარიელ ადგილს" წარმოადგენენ.

"ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ მათი განცხადებები "სასირცხვილოა".

როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, როგორ გიტრიალდებათ ენა, როდესაც გახარიას გუნდს წარმოადგენთ? ამ მატყუარა, ამ მშიშარა კაცის გუნდს წარმოადგენთ. როგორ გიტრიალდებათ ამ ყველაფერზე ენა, როდესაც მისი ბრძანებით ვნახეთ რა მოხდა აქ 20 ივნისის დროს. შუბლის ძარღვი გაიწყვიტეთ... არც გქონდათ, რაც არ გაქვს, იმას ვერ გაიწყვიტავ. თუ ვინმეს და რამეს უარი უთხრა ჩვენმა საზოგადოებამ, ეს არის თქვენ და თქვენნაირები. უბრალოდ აგენტურა, 12 ცარიელი ადგილი ხართ შემოპარული პარლამენტში და შემოგაპარეს, იმიტომ, რომ დავალება გქონდათ. ასე რომ, გრცხვენოდეთ თითოეული იმ განცხადების, რომელ განცხადებასაც თქვენ აკეთებთ, - უთხრა კერესელიძეს ირაკლი კირცხალიამ. 

მანამდე პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილს სიტყვით მიმართა შალვა კერესელიძემ. დეპუტატმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და მისი გადაწყვეტილებები გაიხსენა, მათ შორის სამართალდამცველების დაჯილდოებისა და აქციებთან დაკავშირებული პროცესების კონტექსტში.

კერესელიძემ ყაველაშვილს ჰუმანური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „გახარიას“ საპარლამენტო გუნდი ამნისტიის კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ დაკავებებსა და ჯარიმებს შეეხება.