"ოცნება" ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დასანქცირებას "არ იმსახურებს"

17.02.26 18:26
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დასანქცირებას "არ იმსახურებს"

„ქართულ ოცნებაში“ დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და სანქციების საკითხზე საუბრობენ. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს პოლიტიკა პრორუსულ ნიშნებს არ ატარებს, ხოლო ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო შეზღუდვებს უსამართლობაა.

გია ვოლსკის პოზიციით, ივანიშვილის კრიტიკა პოლიტიკურ სპეკულაციებს ეფუძნება. მისი განცხადებით, საქართველოს კურსი არ შეიცვლილა და ქვეყანა არც სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად გამოყენებულა.

ივანიშვილის მიმართ გაკეთებული არაერთი განცხადება არაფერს ეფუძნება. ვერცერთ მაგალითს ვერავინ მოიყვანს, რომ საქართველო ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში ყოფნის პერიოდში რომელიმე ნაბიჯით ან რაიმე ნიშნით ატარებს პრორუსულ პოლიტიკას ან პირიქით, რუსეთის მხრიდან რაიმე შეღავათია გაწეული ჩვენს მიმართ. როგორც არის ტერიტორიები ოკუპირებული, რა საფრთხესაც დღეს წარმოადგენს საოკუპაციო ძალა, იგივე საფრთხეს წარმოადგენდა მაშინაც და 2012 წლის შემდეგაც და არავითარი შეღავათი არ დაშვებულა. საქართველოში არ დაშვებულა არცერთი შემთხვევა, მათ შორის ბრიტანეთის ექსპერტების შეფასებებიც გავიხსენოთ, რომ საქართველო არასდროს გამოყენებულა როგორც სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი და არც შავი ხვრელი შექმნილა. ასე რომ, ეს განცხადებები უფრო პოლიტიკური შინაარსის არის და დაახლოებით BBC-ის მიერ შექმნილ რაღაც სიუჟეტს უფრო ჰგავს, - ამბობს ვოლსკი. 

სანქციების თემაზე განცხადება გააკეთა ლადო ბოჟაძემაც. დეპუტატის თქმით, საქართველო და ბიძინა ივანიშვილი შეზღუდვებს არ იმსახურებენ, ხოლო დასავლეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯების შესაძლებლობა, მისი მტკიცებით, ქვეყნის მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამოხატულებაა. 

ესეც არასწორი დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ჩვენი ქვეყანა არ ისახურებს სანქციებს და რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არც ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ, რომ რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, აკეთებს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმეს უნდა რამე სანქციების დაწესება ვინმეზე - დააწესონ, ეს მათი ნებაა. ფაქტი ერთია, რომ არავის სანქციების არ გვეშინია. თქვენ იცით მათ შორის შვეიცერიულ ბანკებთან დაკავშირებული საკითხები, იცით, რო 2 მლრდ დოლარზე მეტი, რომელიც ერგება ბიძინა ივანიშვილს, მათ შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ აღსრულებული არ არის, - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

"ოცნების" დამფუძნებელი გაერთიანებული სამეფოდან კიდევ ერთ გაფრთხილებას იღებს. სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი თემთა პალატის წევრის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ხელისუფლების პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის ყურადღების ცენტრში რჩება. მინისტრი ფიქრობს, რომ სანქციების ეფექტიანობისთვის წინასწარ დაანონსება მიზანშეწონილი არ არის.

მსგავსი სიახლეები