ევროსაბჭოს დასკვნა ხალხის წამების ფაქტებზე - უფლებადამცველები პირველ კომენტარებს აკეთებენ

18.02.26 15:57
ევროსაბჭოს დასკვნა ხალხის წამების ფაქტებზე - უფლებადამცველები პირველ კომენტარებს აკეთებენ

 

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშს  იურისტების მწვავე შეფასებები მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ დოკუმენტში აღწერილი გარემოებები მიუთითებს 2024 წლის ნოემბრის მოვლენების სისტემურ პრობლემებზე - მათ შორის, პოლიციაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური გავლენების არსებობაზე.

მისი თქმით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მონიტორინგისა და უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობას. 

ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანების მიმართ განხორციელდა კარგად კოორდინირებული თავდასხმა, ძალადობა, წამება და ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი ჰქონდა 2024 წლის ნოემბერში. გარდა ამისა, კომიტეტს, რომელიც წინასწარ დადგენილი მეთოდოლოგიით აფასებს ყველა პოლიციის დაწესებულებას, აღნიშნულია, რომ ყველა მათგანი საჭიროებს არსებით გაუმჯობესებას, მაგალითად, პოლიციის განყოფილებების აღჭურვა კამერებით. არის საკმაოდ დიდი რისკი იმის, რომ მოხდეს მოქალაქეებზე ზეწოლა, ზემოქმედება იმისთვის, რათა მათი აღიარება იქნას მოპოვებული არამართლზომიერი გზით. აქ საუბარია იმაზე, რომ არაფორმალური მმართველობა ხორციელდება ციხეებში. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 1500 პატიმარზე მოდის დაახლოებით 40 უსაფრთხოების ოფიცერი, რაც ვერანაირ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. კომიტეტი, პირიქით, აღნიშნავს, რომ ამ სიტუაციაში საფრთხე შეიძლება, უსაფრთხოების თანაშრომლებს ჰქონდეთ, - ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე.

ანგარიშში ასახულ შეფასებებს ეხმაურება ეკა ბესელიაც. მისი განცხადებით, CPT-ის დასკვნები ადასტურებს, რომ 2024 წლის ნოემბრის აქციების დროს დაკავებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის შესახებ არსებული ბრალდებები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. 

ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რომელიც მუდმივად ატარებს მონიტორინგს საქართველოში რა ვითარებაა პატიმრებთან მიმართებაში, ბუნებრივია, განსაკუთრებით მიაქცევს ყურადღებას, რომ 28 ნოებრის ცნობილი აქციების დროს დაკავებულ პირებს ექცეოდნენ სასტიკად, იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მაგალითები, როდესაც დაკავებულებს, ხელბორკილდადებულ ადამიანებს სცემდნენ, უსწორდებოდნენ დაკავების მანქანებში, კოლექტიურად ხდებოდა მათ მიმართ ძალადობა, ასეულობით ადამიანი იყო სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაყვანილი. პატიმართა მიმართ ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებს, - ამბობს ეკა ბესელია. 

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოს შესახებ 46-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნება 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში განხორციელებულ ვიზიტებს. დოკუმენტში საუბარია პოლიციის განყოფილებებში არასათანადო მოპყრობისა და შესაძლო წამების ბრალდებებზე, ასევე, ციხეებში პატიმართა მდგომარეობაზე. CPT-ის ინფორმაციით, კომიტეტმა მიიღო არაერთი საჩივარი 2024 წლის 29 ნოემბრის აქციებზე დაკავებულთა მხრიდან; ანგარიშში ასევე განხილულია აქციებზე დაკავებულებისა და „სინდისის პატიმრების“ საქმეები.

წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტო. უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. უწყების განცხადებით, კომიტეტმა დადებითად შეაფასა როგორც თანამშრომლობა, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობები, თუმცა ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გარკვეული მიმართულებებით დამატებითი გაუმჯობესების საჭიროებაზე.