დღეს გვიწევს ახსნა, რატომ არ შეიძლება ვინმეს უხაროდეს ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი - გრიგოლია ხოშტარიასთან მივიდა
პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად "ტვ პირველის" წამყვანები ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე მივიდნენ. "ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლისგან განსხვავებით, ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეუშვეს. ინგა გრიგოლიას განცხადებით, ის ქალი პოლიტიკოსის სანახავად და მხარდასაჭერას მივიდა. გრიგოლიას მიაჩნია, რომ ხოშტარია მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
ჩვენ თავისუფლად შემოგვიშვეს, მოვედით მეგობრის, ქალი პოლიტიკოსის სანახავად, მხარდასაჭერად. მიმაჩნია, რომ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს ელენე. სამწუხაროდ, ჩვენ 21-ე საუკუნეში გვიწევს იმის ახსნა, რატომ არ შეიძლება ვინმეს უხაროდეს, სხვა ადამიანის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის სასიკვდილო საფრთხე. თუმცა ჩვენ ხო ის ქვეყანა ვართ სადაც ცოტა ხნის წინ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ადამიანები კოლექტიურად "აპრავებდნენ" სხვა ადამიანების დახვრეტას და სიკვდილით დასჯას. ალბათ ესეც ჩვენი ბედისწერაა, რომ გვიხდება იმის ახსნა, რომ შეიძლება პოლიტიკურად არ იყოს ყოფილი პრეზიდენტის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის მომხრე, მაგრამ კატეგორიულად არ გინდოდეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს", - ამბობს ინგა გრიგოლია.