ხვალ 17 საათზე რუსთავის ციხესთან, ვიკრიბებით და არ ვიშლებით - ნიკა მელია

05.11.21 18:31
ხვალ 17 საათზე რუსთავის ციხესთან, ვიკრიბებით და არ ვიშლებით - ნიკა მელია

ვითარება მძიმეა, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები უარსდება, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიამ ხვალ, 17 საათზე, რუსთავის ციხესთან მასშტაბური აქცია დააანონსა. ,,ენმ" ლიდერი განმარტავს, რომ საპროტესტო ტალღის მონაწილეები არ დაიშლებიან, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

არ არსებობს საქართველოში ღირსეული ადამიანი, ვინც სოლიდარობას არ უცხადებს ქვეყნის მოშიმშილე პრეზიდენტს. ერთადერთი, ვინც სავსეა ზიზღითა და ბოღმით, ეს არის არაკაცების ხელისუფლება. ისინი 35 დღის მოშიმშილე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როცა შეჯიბრს მართავ ქვეყანაში, როგორ დასცინო საქართველოს მესამე პრეზიდენტს. 

ივანიშვილიდან დაწყებული, ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და როდის გადაისროლენ ქვეყანას დესტაბილიზაციის მორევში. 

ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას, რომ ვიცოდეთ, რომ ხელისუფლებას ამ ქვეყნის სიყვარული და ღირსება გააჩნია,  ბუნებრივია, პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმას მოვთხოვდით. სამწუხაროდ, იმ ელემენტარულსაც ვერ ახერხებენ, რომ არაკაცები არ იყვნენ. 

ვითარება მძიმეა, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ეს ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ. ამიტომ ხვალ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ბევრნი რუსთავის ციხესთან, 5 საათზე, ეს აქცია იქნება პერმანენტული, მზარდი და დარჩენით, ხვალიდან შემოგვიერთდებიან ყველა ქალაქიდან, რაიონიდან, სოფლიდან. ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში. 

ხვალ 5 საათზე ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო. დამატებით კომპონენტებს დროთადრო გაგაცნობთ, რადგან არ მაქვს სურვილი, ივანიშვილის ხელისუფლებას ცხოვრება გავუმარტივო. 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, მაგრამ არ ვიშლებით! - განაცხადა ბრიფინგზე ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები