"ვერ გახდება ["ოცნების"] ლეგიტიმაციის წინაპირობა" - ოპოზიცია საარჩევნო კანონში დაინიცირებულ ცვლილებებს აფასებს

24.02.26 11:36
"ვერ გახდება ["ოცნების"] ლეგიტიმაციის წინაპირობა" - ოპოზიცია საარჩევნო კანონში დაინიცირებულ ცვლილებებს აფასებს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები "ქართული ოცნების" მიერ ახლადმიღებულ საარჩევნო კანონში დაიინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება.

საარჩევნო კანონში ინიცირებული ცვლილებების ფონზე გაჩნდა კითხვა, ხომ არ ემზადება ივანიშვილის გუნდი ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად?

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ოპოზიციის ცალკეულმა ნაწილებმა მონაწილეობაც რომ მიიღონ შესაძლო "ფსევდო არჩევნებში", ის მაინც ვერ გახდება "ქართული ოცნების' ლეგიტიმაციის წინაპირობა. 

გულწრფელები რომ ვიყოთ, "ქართული ოცნება" ასეთი ცვლილებებით, ჩემი აზრით, პირიქით აჩვენებს, რომ ის წინასწარ არჩევნების ჩატარებას საკუთარი პირობებით არ აპირებს იმიტომ, რომ ამ რეგულაციებით ჩატარებული არჩევნები, რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა გაგიჟდეს ოპოზიციის ცალკეული ნაწილები და მონაწილეობა მიიღონ ამ ფსევდო არჩევნებში, უბრალოდ ვერანაირად ვერ გახდება ლეგიტიმაციის წინაპირობა და აბა სხვა ამოცანა რა უნდა ჰქონდეს "ქართულ ოცნებას", დღეს თუ რამე ადარდებს, ეს არის ლეგიტიმაცია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილის პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება. 

პრაქტიკულად ყველა ის პირობა, რომელიც დღეს არსებობს არჩევნების ჩასატარებლად, არის შესაცვლელი, არის ძალიან სერიოზული რეფორმები გასატარებელი ამ კუთხით. მე გულწრფელად რომ გითხრათ, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამ კანონმდებლობის მიხედვით ეს ვერ იქნება დემოკრატიული არჩევნები, ამიტომ ეს უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შემოღება იმისთვის, რომ კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების  ნება იყოს დემოკრატიულ პროცედურაში ასახული," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

პოლიტიკოსი, ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ თუ "ქართულმა ოცნებამ" ვადამდელი არჩევნები ჩაატარა, ეს ნიშნავს, რომ მათ ეს კიდევ უფრო დიდი უპირატესობის მოსაპოვებლად აწყობთ. 

ვერასდროს ვერ გამორიცხავ იმას, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს და თუ ეს არჩევნები ჩატარდა, ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" ეს აწყობს და კიდევ უფრო დიდი უპირატესობისთვის და კონსტიტუციიდან მუხლის ამოსაწერად დასჭირდებათ, რომელიც საქართველოს საგარეო კურსს განაპირობებს. ან მეორეს მხრივ, შეიძლება, ახლა იმდენად სუსტად არის, რომ აქეთ მხარეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ახლაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელთა მიმართებაშიც გამოსავალი არ იქნება, როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ამას და მოიმზადონ ნიადაგი 2028 წლისთვის, იმისთვის, რომ შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდი უფრო მშვიდი ჰქონდეთ, მსგავსი ტიპის მძიმე გადაწყვეტილებები უკვე მონელებული ჰქონდეთ," - ამბობს ცოტნე კობერიძე.