მახაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციას ნაგავში გადავაგდებ
“ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპის საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციის არა გათვალისწინებას, არამედ ნაგავში გადაგდებას აპირებს.
ამ განცხადებებს ივანიშვილის პარტიის წევრები ევროპარლამენტში განხილვამდე ერთი დღით ადრე აკეთებენ.
მათი თქმით, არანაირი ფასი არ აქვს იმ დოკუმენტს, რომელსაც ევროპის საკანონმდებლო ორგანო ხმათა უმრავლესობით იღებს.
მე ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, დავაშრედერებ და ნაგავში გადავაგდებ, სხვა ღირებულება ამ დოკუმენტებს სამწუხაროდ, არ აქვს. ნაგავში არა მაკულატურაში ვაგდებთ, რომელსაც შემდეგ უკეთესი მიზნებისთვის ვიყენებთ, რომელსაც მეტი ღირებულება აქვთ საქართველოსთვის, - თქვა მახაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ევროპარლამენტში ჩასვლის დროს ეუბნებიან თუ არა ევროდეპუტატებს, რომ მათ რეზოლუციებს მაკულატურად იყენებენ? მახაშვილი პასუხობს:
კი ბატონო, ვესაუბრებით და უახლოეს მომავალში კიდევ გავესაუბრებით. ამიტომ არ აქვს არანაირი ფასი, სად გადააგზავნიან, ვისთან გადააგზავნიან და რას ჩაწერენ. წერენ რაც პირზე მოადგებათ, გადაუმოწმებლად, ფაქტების გარეშე. ერთადერთი მოტივაციით, რომ დააზიანონ ქვეყანა. მათ თუ რეალურად ის ადარდებთ, რომ მაღალი ხარისხის იყოს დოკუმენტები, ჭორაობით კი არ უნდა ჩაწერონ და ვიღაცების მოტანილი ინფორმაციები ჩაყარონ, არამედ ესაუბრონ საქართველოს ხელისუფლებას, - ამბობს მახაშვილი.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისთვის ემზადებიან - ანგარიშის მიხედვით, ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციებსი დაწესებაზე იმსჯელებენ.
დოკუმენტში აღნშნულია, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების სულ უფრო მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები მეისალმებიან და სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მუწოდებენ მათ მიბაძონ.