სააკაშვილი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს - იუსტიციის მინისტრი
ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი სასამართლოზე ციხიდან არ გაიყვანონ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს:
ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, იმიტომ, რომ, როგორც მოგახსენეთ, აქ, შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ იგი და დავიცვათ მართლწესრიგი"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
რაც შეეხება შიმშილობის საკითხს, მინისტრი ირწმუნება, რომ სააკაშვილი საკვებს იღებს:
მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, შემოსახლებიდან 2 დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ, როგორც იცით, მან განაცხადა უარი, თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა, საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა - ეს არის სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები"- განაცხადა ბრეგაძემ და იქვე დასძინა, რომ ჩამოთვლილ პროდუქტებს "ახლაც ღებულობს, დიახ".
ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი.