კირცხალია ამჯერად ბრიტანეთის ეკონომიკური მდგომარეობის გამო გამოთქვამს შეშფოთებას
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი კირცხალია, რომელიც ცოტა ხნის წინ შვედეთის ეკონომიკური მდგომარეობით იყო შეშფოთებული, ამჯერად დიდი ბრიტანეთის გამო წუხს.
ის სოციალურ ქსელში “იმედისა” და “POSTV”-ის დასანქცირებას გამოეხმაურა და საკუთა განცხადებაში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსტივისთვის” სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ე.წ. დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია. აშკარაა, რომ ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს.
სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია – დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ”, – წერს კირცხალია.