კობახიძე ადასტურებს, რომ "ყულევის საკითხი ამოწურული არ არის"

25.02.26 13:39
კობახიძე ადასტურებს, რომ "ყულევის საკითხი ამოწურული არ არის"

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ ბრიუსელს სრული ინფორმაცია მიაწოდა იმის დასადასტურებლად, რომ ყულევის პორტში სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. 

"ოცნების" ლიდერი, ჟურნალისტის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, იქვე ადასტურებს, "საკითხი ამოწურული ჯერ კიდევ არ არის". 

"ოცნების" პრემიერი სანქციების შესაძლო გაფართოების შესახებ დასმული შეკითხვების გამო ჟურნალისტებს აკრიტიკებს და კრიტიკულ მედიას ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.

ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს თქვენს იმედებზე. ერთადერთი იმედი გაქვთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დაზარალდება: ყულევი უნდა დასანქცირდეს, ტელეკომპანიები უნდა დასანქცირდნენ, სამეწარმეო სუბიექტები უნდა დასანქცირდნენ.

ჩვენი სრული ინფორმაცია გავუზიარეთ ევროკავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. მთლიანი პაკეტი განწირული იყო ჩავარდნისთვის, აქედან გამომდინარე, თვითონ პროექტის რევიზია არ გაკეთებულა. 

რა თქმა უნდა, არ არის ამოწურული რისკი. რა ინფორმაციასაც მოგვთხოვენ. ყველა ინფორმაციას გავუგზანით.

ეს არის სამარცხვინო, როდესაც ცდილობ მიზანმიმართულად დააზიანო საქართველო, აი, ორჯონიკიძე, ორჯონიკიძე შემოვიდა აქედან საქართველოში. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. როდესაც ცდილობ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას, ეს არის სერგო ორჯონიკიძის საქმე, - ამბობს კობახიძე. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტის კითხვაზე, მოხვდება თუ არა საქართველოში მდებარე ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში, განაცხადა, რომ "სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული - არაფერია შეთანხმებული".

მისი თქმით, საზღვაო მომსახურების ნაწილთან დაკავშირებით, ისინი ელოდებიან განხილვას "დიდი შვიდეულის" შეხვედრის ფარგლებში. 

უკვე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა გემი, რომელმაც ყულევში 100 000-მდე ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა.