პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს
პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის ექიმის კაბინეტში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს და ირწმუნება, რომ ვიდეო "საკვების მიღების ფაქტებს" ასახავს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა"- წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, სახალხო დამცველმა დაწერა, რომ სააკაშვილი პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით იღებდა. სახალხო დამცველის დასკვნით, "პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს".
ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, "პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილ სამედიცინო ფორმებში არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში":
ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დღეს მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც თავადაც წერდა, რომ დაკავების შემდეგ, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, რამდენიმე ბოთლი წვენი მიიღო, დღეიდან კი უარს აცხადებს, შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე.
დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე- წერს სააკაშვილი.