შემოდიან და ამოწმებენ, ხომ არ მოვკდი - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან
"ამ ბოლო დროს, როცა ვიდეოკამერაში ხედავენ რომ კამერაში გაუნძრევლად დიდი ხანი ვწევარ, შემოდიან და ამოწმებენ, ხომ არ მოვკვდი უკვე და ექთანსაც უძახიან"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც მან წერილობით "შაბათის ეთერს" გამოუგზავნა.
ექსპრეზიდენტი დეტალურად აღწერს, როგორია მისი ერთი დღე საკანში - მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპყრობილეში "ტვ პირველს" უყურებს:
ვუყურებ თქვენ არხს, "მთავარს", "ფორმულას" და "კვირის პალიტრას". სამწუხაროდ "კავკასია" არ იჭერს. პრინციპში, კიევშიც ასე ვიყავი. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ახლა უფრო მეტად არის მზად ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
"ტვ პირველისთვის" გამოგზავნილ წერილში, სააკაშვილი ამბობს, რომ ფიზიკურად დასუსტებულია:
დილის შემოწმებიდან გამათავისუფლეს, რადგან ფიზიკურად ვერ ვდგები. დილიდან განსაკუთრებით სუსტად ვარ"- ამბობს მოშიმშილე პრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, საპატიმროში ორჯერ ჰქონდა ჰიპერტონული კრიზი, შესაბამისად სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
ანალიზებში კრიტიკული მონაცემების დავარდნის გამო, კალიუმი გადამისხეს. ორჯერ, ცხოვრებაში პირველად მქონდა ჰიპერტონიული კრიზი. ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან, ისევე როგორც რეანომობილის ბრიგადა, მაგრამ მათი რესურსები შეზღუდულია"- წერს მიხეილ სააკაშვილი 320-ე საკნიდან.
"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 10 ნოემბრის სასამართლო პროცესისთვის განსაკუთრებულად ემზადება.
მისი თქმით, დარბაზში დიდი სიტყვით უნდა გამოვიდეს და მოსახლეობას მიმართოს, თუმცა "ტვ პირველის" კითხვებზე პასუხების მომზადებისას სააკაშვილმა არ იცის, რომ ხელისუფლება სასამართლოში მის მიყვანას არ აპირებს და პროცესი საკანში გაიმართება.
ამდენ ლაყბობას ერთხელ გამომიყვანონ ტელეკამერების წინაშე და ხალხი თვითონ მიხვდება ჩემ მდგომარეობას. მე არ ვიცნობ ისტორიაში ასეთ მაგალითს, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალს თავისი მოწინააღმდეგის ვიზუალის და ხმის ასე ეშინოდეს"- აღნიშნულია პატიმარი სააკაშვილის წერილში.
მისი თქმით, შეგუებულია იმ ფაქტს, რომ გონების დაკარგვის შემთხვევაში მას, ხელისუფლება კლინიკაში მალულად, ვერტმფრენით გადაიყვანს.
აპირებენ უხმაუროდ, ჰაერით გადაყვანას. ზუსტად ისე როგორც მომექცა პოროშენკო 2018-ში ჩემს უკრაინელ მომხრეებს არ გავეთავისუფლებინე"- აღნიშნავს ის.
მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებისთვის, ციხის საკნიდან მისალმების ეპიზოდსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ციხის დირექტორი მოხსნეს.
ფანჯრიდან ჩემი გამოხედვისა და ხელის დაქნევის შემდეგ, მგონი, ციხის დირექტორი მოხსნეს. ვინაიდან მას შემდეგ არ მინახავს. უკრაინის სახალხო დამცველმა, რომელიც ძალიან ავტორიტეტული ფიგურაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, პირადად მიმართა ევროპარლამენტს, რომ რაც ჩემს მიმართ გამოიყენება, კლასიკური წამებაა. მე ვიცი რას დავუპირისპირდი - ბოროტებას, სუფთა სახით... ბოროტებაა, როცა სხვას უსურვებ სიკვდილს.
ჩვენ ვერ შევიყვარებთ ივანიშვილის გუნდს, მაგრამ უნდა ვისწავლოთ წითელი ხაზების არ გადაკვეთა"- წერია სააკაშვილის წერილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ გისოსებს მიღმა ხშირად ფიქრობს ლეხ კაჩინსკიზე, რომელიც სააკაშვილის ახლო მეგობარი იყო.
ჩემი მეგობარი ლეხ კაჩინსკი ხშირად მიმეორებდა - განსხვავება ევროკავშირის წევრობასა და თქვენ მდგომარეობას შორის არის ის რომ მე პრეზიდენტობის შემდეგ, არავინ შემეხება, შენ პრეზიდენტობის შემდეგ შეიძლება, მოგკლანო. ის ცდებოდა, მოკლეს კაჩინსკი, პრეზიდენტობის დროს, სწორედ იმიტომ რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვიდა საქართველოში და რუსეთს წინ აღუდგა. ხოდა, თუ ევროკავშირის მოქმედ პრეზიდენტს მისწვდა პუტინი, მე მასზე დიდი სამიზნე ვიყავი კრემლისთვის და აი ახლა ვიმყოფები თითქმის იმ მდგომარეობაში, რომელიც მიწინასწარმეტყველა პოლონეთის დიდმა პრეზიდენტმა და გმირმა პოლიტიკურმა ლიდრმა და ასევე პუტინმა"- გვწერს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ახლობლების რეაქციაზე "პირველებთან" პირველად საუბრობს.
ირკვევა, რომ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებას, მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა.
ყოველთვის არსებობს ხანმოკლე მომენტები ყოყმანის, მაგრამ ამასწინათ დედაჩემმა მითხრა, რომ აბსოლუტურად სწორ დროს ჩამოხვედიო. იგივე მითხრა ჩემმა შვილმა ედუარდმა, რომელიც მანამდე, ჩემი ჩამოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო - შენი ინტუიცია უფრო მართალი აღმოჩნდაო"- ნათქვამია სააკაშვილის საპასუხო წერილში.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის როლს მის საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაში, ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მერაბიშვილი დიდი ხანია არ უნახავს.
ვანო დიდი ხანია არ მინახავს. მე გადაწყვეტილებას ჩემით ვიღებ, საქართველოში ჩემი გულის კარნახით ჩამოვედი, რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ხალხისა და ისტორიის წინაშე. უფრო სწორედ, ეს ისტორია რომ გაგრძელდეს"- გვითხრა მიხეილ სააკაშვილმა.
"შაბათის ეთერთან" ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკანასკნელ არჩევნებს აფასებს და თვითმმართველობის არჩევნების შედეგს "ელექტორალურ რევოლუციას" უწოდებს.
რევოლუცია უკვე მოხდა, ელექტორალური რევოლუცია. ვინ წარმოიდგენდა ასეთ საარჩევნო შედეგებს ცოტა ხნის წინ?! ეს ელექტორალური რევოლუცია, მენტალური რევოლუციის შედეგია და თავისუფლების მოყვარე მენტალიტეტს ესენი ვერ მოერევიან. შევარდნაძის არჩევნების საერთაშორისო დასკვნები გაცილებით რბილი იყო, ვიდრე ახლა.
დღეს ხალხი ნაკლებადაა ჩამოკიდებული ლიდერებზე. გაჩნდა ბევრი ახალი ლიდერი, როგორიც გია ხარჩილავაა, იმედა კლდიაშვილი, ირაკლი კუპრაძე და ანა ნაცვლიშვილია"- გვიყვება სააკაშვილი.
ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხშირად წერს უცხოელ მეგობრებს წერილებს და მეგობრების მიერ შეგზავნილ წიგნებს კითხულობს. უკვე წაიკითხა უილიამ ბულიტის და ნიკა რურუას წიგნები.
ნიკას წიგნი წაკითხული მქონდა. ისე 2016 წელს ნიკამ დამირეკა და მაშინდელ ოდესის მოქმედ გუნერნატორს მითხრა მითხრა, რომ ერთადერთი რაც საქართველოს გადაარჩენს შენი ჩამოსვლა და ციხეში ჩაჯდომა იქნებაო" - აღნიშნულია წერილში.
მისივე ინფორმაციით, ციხეში აიპადის შეტანა ითხოვა, თუმცა ამის უფლება ადმინისტრაციამ არ მისცა.
320- ე საკნის ბინადარისთვის კიდევ ერთი სადარდებელი ის სამი ადამიანია, რომლმაც მესამე პრეზიდენტი სამეგრელოში შეიფარა. მამა-შვილ წოწორიებს სააკაშვილი "ტვ პირველის" საშუალებით მიმართავს.
"ამ მშრომელ ადამიანებს მინდა ვთხოვო - ყველაფერზე მოაწერერონ ხელი, თუ ამის სანაცვლოდ გამოუშვებენ" - ამბობს სააკაშვილი