„კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს - სააკაშვილი
"ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს" - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მესამე პრეზიდენტმა პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების პასუხად დაწერა. სააკაშვილი წერს, რომ მან იცოდა, რომ უღებდნენ.
სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.
ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა დაწესებულებამ ციხის სამედიცინო კაბინეტში გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა.