ჩვენ ლეგიტიმურები ვართ - "ოცნების" წევრი
ჩვენ ვართ ლეგიტიმურები, - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი გიორგ ბარვენაშვილი "პირველების" მიერ დასმულ შეკითხვას, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, ვინც "ოცნების" ლეგიტიმაციას არ აღიარებს.
ჩვენ ვართ ლეგიტიმურები, ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი და აირჩია "ქართული ოცნება", - ამბობს გიორგი ბარვენაშვილი.
კითხვაზე, დაიჭერენ თუ არა ასეთ შეთხვევაში სალომე ზურაბიშვილს, დეპუტატი ასე პასუხობს:
სალომე ზურაბიშვილი ვადაგასულია პრეზიდენტია.
სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ კითხვას ირონიით პასუხობს ირაკლი ზარქუაც.
სალომე ზურაბიშვილი ხომ პრეზიდენტია და იმუნიტეტი იცავს? შეეშვას უნდა საკუთარი მთავრობის, ქვეყნის საბოტაჟს და პროვოცირებას, მეტი არაფერი. ამაზეა საუბარი და ცოტა შეგნება თუ შემორჩა ამ ქალს, რამე ელემენტარული ეროვნული ინტერესების დაცვის შეგრძნება, ამ სიგიჟეებისგან თავი უნდა შეიკავოს, - ამბობს ზარქუა.
პარლამენტმა 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს გრანტების, პოლიტიკური პარტიების, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და აკრძალული პოლიტიკური შემოწირულობის მიღება.
ახალი რეგულაციებით ფართოვდება გრანტის ცნებაც — უცხოური ორგანიზაციებიდან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებული სახსრები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას უკავშირდება, სახელმწიფოს კონტროლს დაექვემდებარება და მათი მიღება მთავრობის თანხმობას მოითხოვს.
კანონის დარღვევისთვის სასჯელი შესაძლოა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც იყოს.