გიგა ბოკერია: რეჟიმი, რომელიც მოქალაქეების დასჯას გეგმავს მისი ლეგიტიმურობის არაღიარებისთვის, თავად არის არალეგიტიმური
"ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ საკანონმდებლო პაკეტს ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა. „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, რეჟიმი, რომელიც მოქალაქეების დასჯას გეგმავს მისი ლეგიტიმურობის არაღიარებისთვის, თავად არის არალეგიტიმური და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არ გააჩნია.
რა რეჟიმია, რომელიც კანონებს იღებს იმისთვის, რომ დასაჯოს ადამიანები, ვინც მის ლეგიტიმურობას არ აღიარებს? ეს არის რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმურობა. მხოლოდ ასეთ რეჟიმს შეიძლება, ეს თავში მოუვიდეს, ეს მავნებლური ამბავი, რომ დავსჯი, ვინც მე არ მაღიარებს, ვისაც აქვთ ეგ პრობლემა, იმიტომ, რომ არ აქვთ საზოგადოების კრიტიკული, მნიშნელოვანი ნაწილის აღიარება, - ამბობს ბოკერია.
პარლამენტმა 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს გრანტების, პოლიტიკური პარტიების, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და აკრძალული პოლიტიკური შემოწირულობის მიღება.
ახალი რეგულაციებით ფართოვდება გრანტის ცნებაც — უცხოური ორგანიზაციებიდან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებული სახსრები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას უკავშირდება, სახელმწიფოს კონტროლს დაექვემდებარება და მათი მიღება მთავრობის თანხმობას მოითხოვს.
კანონის დარღვევისთვის სასჯელი შესაძლოა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც იყოს.