"ქვეყანა თავზე ჩამოექცათ" - ირაკლი ზარქუა ბრიტანულ ეკონომიკაზე წუხს
ირაკლი ზარქუა ბრიტანულ ეკონომიკაზე წუხს - დღეს "ოცნების" ლიდერი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელ ლორდებს "ქვეყანა თავზე ჩამოექცათ".
ივანიშვილის გუნდის ლიდერმა ბრიტანეთის მხრიდან "ტვ იმედის" და "პოსტივის" სანქცირებაზე კომენტირებისას თქვა - "ეს არის დაფინანსებული აქაური უსამშობლოების მხრიდან".
ბრიტანელი ლორდები არ ინტერესდებიან, მაგალითად საკუთარ ქვეყანაში რატომ ჩამოექცათ ქვეყანა, მაგალითად რატომ არის, რომ ბრიტანეთში ეკონომიკური ზრდა მინუსებისკენ მიიწევს და ამ დროს ბრიტანელი ლორდები, "TV პირველის" ინფორმაციით, ინტერესდებიან, "იმედზე" და PosTV-ზე რეკლამას რომელი კომპანია მიიტანს. აბსურდში რომ ხართ ვერ ხვდებით? სიგიჟეებში, რომ შეხვედით ვერ ხვდებით, თქვენც და ის ლორდების პალატაც? ეს არის დაფინანსებული აქაური უსამშობლოების მხრიდან, თორებ ბრიტანული ლორდები, დარწმუნებული ვარ, არც "იმედის" გადაცემა უნახავთ არცერთს, არც PosTV-ს და საერთოდ ცალ ფეხზე კიდიათ რუხაძე, შეიძლება საქართველოც ვერ ნახონ," - თქვა ირაკლი ზარქუამ.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ, შესაძლოა "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი განიხილოს - ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა მარგარეტ ქურანმა სახელმწიფო ხაზინას რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის ჰკითხა, განიხილავენ თუ არა იმ "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას, ვინც სანქცირებულ "ტვ იმედთან" და "პოსტ-ტვისთან" თანამშრომლობას განაგრძობენ.