საგარეო: ბოჭორიშვილი ბაირამოვს ესაუბრა და „ღრმა შეშფოთება გამოხატა“ ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევის გამო
დრონებით თავდასხმა ნახიჩევანზე - "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მაკა ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს.
უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ბოჭორიშვილმა „გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე“.
„მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
- ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.
ირანიდან გადასროლილი დრონების გამო, აზერბაიჯანი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. ირანის ელჩი უკვე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.