ირანი ცდილობს რომ ეს ომი გააფართოოს და სხვა ქვეყნებიც ჩართოს - ისრაელის ელჩი აზერბაიჯანზე თავდასხმაზე
ირანის განცხადებას, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვება მათგან არ მომხდარა და ეს ისრაელმა განახორციელა საქართველოში ისრაელის ელჩმა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ უპასუხა.
ვალიდ აბუ ჰაიას თქმით, ამაზე თავად აზერბაიჯანმაც ისაუბრა, თუმცა, თავადაც არ იცის სხვა ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანის რომელიმე ნაწილზე იერიშს მიიტანდა.
“ირანი ცდილობს რომ ეს ომი გააფართოვოს და სხვა ქვეყნებიც ჩართოს“, - ამბობს ის.
დარწმუნებული ვარ, ექსპერტები არიან ადგილზე და ამოწმებენ ამ ყველაფერს. აზერბაიჯანის მთავრობამ, ცხადად განაცხადა რომ ეს იყო ირანის მხრიდან თავდასხმა, თუ არ იქნებოდა ირანიდან, მაშინ სხვა საიდან იქნებოდა, არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს ინტერესები აზერბაიჯანის რომელიმე ნაწილზე მიიტანოს იერიში, არ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სხვა მხარე არის, რომელსაც აინტერესებს აზერბაიჯანი გამოიწვიოს, გარდა ირანის, რომელიც ცდილობს რომ ეს ომი გააფართოვოს, სხვა ქვეყნები ჩართოს ამ ომში და კიდევ ერთხელ ეს არის ტერორის რეჟიმი, ისინი საერთაშორისო სამართლის წესებს არ მიჰყვებიან და ფიქრობენ, რომ იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც მოესურვებათ ისრაელთან, თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, - თქვა მან.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა და ამაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
თავად ირანი აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს. ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ირანული მხარე აღნიშნავს, გამოძიებამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.