დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები - სუს-ი
ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით - ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.
მდინარაძის უწყებაში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები.
სუს-ი არ აკონკრეტებს გვარ-სახელებს, თუ ვის დაიბარებენ გამოსაკითხად.
ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა "ქართულ ოცნებაში" გაკეთებული განცხადებები - მათ შორის ორ დღეში ორი განცხადება გამოძიების დაწყების აუცილებლობის შესახებ გააკეთა კახი კალაძემაც.
- ხიდაშელის და გიგაურის შემდეგ კალაძე საგამოძიებო უწყებებს გიორგი კანდელაკით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
- "შესაბამისი უწყება უნდა დაინტერესდეს"- კალაძე ხიდაშელს და გიგაურს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
რა წერია კვლევებში?
„ჰადსონის ინსტიტუტის“ 3 მარტს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, - რომლის თანაავტორები გიორგი კანდელაკი და ლუკ კოფი არიან - ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.
ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალზე
ამავე კვლევაში ნახსენებია აშშ-ს მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას „საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფილიალი საქართველოში, რომელიც 15 წელია ფუნქციონირებს, თუმცა არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია; მას აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული „ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის“.
4 მარტს „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელი, - საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-16 წლებში, - სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ამ უნივერსიტეტზე საუბრობდა.