"ოცნებაში" სააკაშვილის განცხადებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა

09.03.26 15:29
"ოცნებაში" სააკაშვილის განცხადებაზე პირველი კომენტარი გაკეთდა

 

 

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განზრახ დაზიანებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ "საქართველო მთლიანად დაუცველი დარჩა", “პირველებმა“ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, აქვს თუ არა საქართველოს თავდაცვის სისტემები.

კიდევ ერთ კითხვაზე, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობის ფონზე, რამდენად დაცულია საქართველოს ცა, კობახიძეს კონკრეტული პასუხები არ გაუცია და არც ის უთქვამს, რა ბედი ეწია დრონების წარმოებას, რომელიც ჯერ კიდევ 2023 წელს დაანონსა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვას როდესაც ეხება საქმე, ასეთი ინფორმაცია, ბუნებრივია ასე მარტივად არ უნდა გასაჯაროვდეს. ერთ-ერთი ესაა, რაც შემიძლია გითხრათ, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ეს ჩვენი თავდაცვის ინტერესებში შედის. დღეს მე ამ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თავდაცვის უნარიანობა გავაძლიეროთ, ამისთვის არსებობს კონკრეტული სტრატეგია და გეგმა და მივყვებით მას... ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია, მათ შორის ამ ბოლო დღეების განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით, იმდენად კომპლექსურია ეს საკითხი, რომ ასე ზედაპირულად საუბარი არ შეიძლება. კომპლექსურია როგორც ფინანსების, ასევე რესურსების მრავალფეროვნების კუთხით და ასე მარტივად ამ თემაზე საუბარი, მითუმეტეს საჯაროდ, არ შეიძლება. არის უამრავი სპეკულაცია, რაც მოგვისმენია, ჩვენ ვმუშაობთ, გეგმაზომიერად, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ , - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" ლიდერს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ “რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუ შეახსენა, სადაც  ექს მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მას ჰქონდა აქტიური კონსულტაციები საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან 2013 წელს, საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადმოცემაზე და მოულოდნელად მას, ამ პროცესის შეჩერება მოსთხოვეს.

შეიძლება იყოს უამრავი მიზეზი, ამას გეუბნებით კონკრეტულ ცოდნაზე დაყრდნობით, მათ შორის დანახარჯების და ეფექტის თანაფარდობა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ღირდეს, ან არ ღირდეს კონკრეტული სისტემების შეძენა. ეს არის კომპლექსუყრი საკითხი, უამრავი სპეკულაციები მოგვისმენია ამ თემაზე, ჩვენ საქმიანად ვმუშაობთ, პროფესიონალებთან ერთად, იმისთვის, რომ სწორი ფორმით ვიზრუნოთ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე, - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს  საქართველოს თავდაცვის უნარიანობის  განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2013 წელს ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მიეღო, რომელიც ივანიშვილმა დაბლოკა და საქართველოს ცა დაუცველი დატოვა.