ექსპერტები: KIU-სთან დაკავშირებული ფსევდომეცნიერული პროგრამები განათლების სისტემისთვის საფრთხის შემცველია
განათლების ექსპერტების შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებული ფსევდომეცნიერული პროგრამებისა და მათ უკან მდგომი კვლევითი ცენტრის არსებობა საფრთხის შემცველია, რადგან მსგავსი თეორიები შესაძლოა მომავალში ქართველების „რასობრივი უპირატესობის“ იდეას დაეფუძნოს და რადიკალური ნაციონალიზმის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ უნივერსიტეტი, რომელიც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით ავტორიზაციისა და კოლეგიალური შეფასებისგან არის გათავისუფლებული, პრაქტიკულად აკადემიური კონტროლის გარეთ მოქმედებს.
თუ ეს ფესვს გაიდგამს აკადემიაში, პოლიტიკაში, რელიგიაში, მაშინ უფრო საშიში გახდება, იმიტომ, რომ ამას შეიძლება დაეფუძნოს მერე ქართველების რასობრივი უპირატესობის თემა, რასაც შეიძლება, მერე მივყავდეთ ისეთ ნაციონალიზმამდე, რომელიც იქნება მიმართული განსხვავებული დასაჩაგრად. ის, რო თითქოს ბიძინა ივანიშვილმა საუკეთესო უნივერსიტეტი გახსნა გერმანელების დახმარებით, ასევე ტყუილი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, გერმანელები საერთოდ არ არიან საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ის თეორიები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში ვითარდება, ეყრდნობა ნაცისტურ თეორიებს ისტორიული წარმოშბის შესახებ. უნივერსიტეტი, რომელიც გაათავისუფლეს ავტორაციისგან სამუდამოდ, არის სწორედ იმისთვის გათავისუფლებული, რომ კოლეგიალური შეფასებისგან იყოს თავისუფალი, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" წევრი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.
ამ შეფასებას იზიარებს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, მკვლევარი ნანა დიხამინჯია, რომელიც აღნიშნავს, რომ პროგრამები, რომლებიც სასწავლო გეგმაში მოხვდა, აკადემიური სტანდარტების თვალსაზრისით სერიოზულ კითხვებს აჩენს და აკრედიტაციის პროცესის გვერდის ავლით მათი გაჩენა საგანმანათლებლო სისტემისთვის პრობლემურია.
მისი თქმით, ხარისხის საერთაშორისო მექანიზმების შესუსტების ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისიც, თუ რამდენად იქნება მომავალში ასეთი უნივერსიტეტის დიპლომები აღიარებული.
რომ მოუსმინოთ ამ ადამიანის ნებისმიერ ინტერვიუს, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს არის ჩვეულებრივი შარლატანობა, ეს აის რაღაც, მკითხავის დონეზე, რაღაც ესიზმრება ადამიანს და იმას ლაპარაკობს. თავისთავად, საინტერესოა, საერთოდ, როგორც გაჩნდა ეს პროგრამა უცებ ჩამონათვალში და მერე როგორ ამოიღეს. რა თქმა უნდა, ხარისხის ცენტრის გავლის გარეშე, ანუ ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე, იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი თავიდანვე, როცა ფუძნდებოდა, სპეციალური ბრძანებით არის გათავისუფლებული აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესებისგან. ეს აკრედიტაციის პროცესი მართლა ვიღაცის ახირება კი არ არის, იმისთის არის, რომ დარგის ექსპერტებმა შეაფასონ პროგრამა და აი, ახლა, როდესაც ძალიან დიდი ძრები ხდება განათლებაში, როდესაც ხარისხის ცენტრმა დაკარგა ენქაც და ექარის წევრობა, უკვე ისიც ეჭვქვეშ დგება თუ ამ უნივერსოტეტის კურსდამთავრებულებს უღიარებენ თუ არა დიპლომებს, - ამბობს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, მკვლევარი ნანა დიხამინჯია.
OC Media ავრცელებს სტატიას სათაურით „როგორ გახსნა გერმანიის მიერ დაფინანსებულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური გავლენის მქონე კვლევითი ცენტრი“. გამოცემის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) 2026 წლის დასაწყისში „ასტრომეცნიერებებისა“ და „ასტროარქეოლოგიის“ კურსები შესთავაზა, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა ფსევდომეცნიერულ დისციპლინებად. კრიტიკის შემდეგ ეს პროგრამები მალევე ამოიღეს სასწავლო გეგმიდან, თუმცა მათ უკან მდგომი იბერიული კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრი საქმიანობას აგრძელებს.
ცენტრი, OC Media-ს ცნობით, დააფუძნა „იბერიული გემატრიის“ სპეციალისტმა ალიკო ცინცაძემ, რომლის კვლევები ნაწილობრივ ეყრდნობა მესამე რაიხის პერიოდის გერმანულ წყაროებს, მათ შორის SS-ის ორგანიზაცია „აჰნებერბეს“ ნაშრომებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ჯგუფის“ ინიციატივით შეიქმნა და მისი სტრატეგიული პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტია (TUM).