"ეს არ არის აღიარება... არანაირი მოლაპარაკება საპროცესოსთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს" - რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმის პროკურორის განცხადებით, რომეო მიქაუტაძის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული საბოლოო სიტყვა აღიარებად არ მიაჩნია, ხოლო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
ამის შესახებ პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც რომეო მიქაუტაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის განცხადებით მიმართა და თავისუფლების სანაცვლოდ დიდი ფული შესთავაზა.
მოვისმინეთ რომეო მიქაუტაძის პოზიცია მის ბრალთან დაკავშირებით, რომელიც იყო უბრალოდ ემოციური საუბარი. საპროცესო შეთანხმებისთვის რამდენიმე წინაპირობა უნდა იყოს: პირველ რიგში, უნდა იყოს აღიარება სახეზე, ზიანის ანაზღაურება და ასევე განცხადებით უნდა მოემართა. მთელი პროცესის განმავლობაში, [რომეო მიქაუტაძე] 4 საათი საუბრობდა, რომ დამნაშავე არ არის და დააყოლა ბოლოს, მე დამნაშავე არ ვარო, მაგრამო განცხადება მაინც შემოვიტანეო - ეს არ არის აღიარება და არ მიიჩნევა არანაირ აღიარებად, არანაირი თანხა შემოთავაზებული არ იყო. არანაირი მოლაპარაკება საპროცესოსთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, ვინაიდან აღიარებული მას დანაშაული არ აქვს," - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
საპირისპიროს ფიქრობს რომეო მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერაძე. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ფაქტია დაადასტურა, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა და "ფაქტია, რომ პასუხი არ მოსულა".
"საბოლოო სიტყვაში ბატონმა რომეომ დაადასტურა, რომ ის მზად არის აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია" - აღნიშნა ადვოკატმა.
ფაქტია, ბატონმა რომეომ დაადასტურა, რომ მიმართა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ხნის წინ, ფაქტია, რომ პასუხი არ მოსულა. ახლა პროკურორი რას თვლის აღიარებად და რას არა, მეორე საკითხია. საბოლოო სიტყვაში ბატონმა რომეომ დაადასტურა, რომ ის მზად არის აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია, როგორც მან განმარტა, იმისათვის, რომ გაფორმებული იყოს საპროცესო შეთანხმება და დაუბრუნდეს ოჯახს. სავარაუდოდ იმ თანხაზეა საუბარი, რასაც ედავებიან გათეთრებას, 8 მილიონი, სავარაუდოდ," - ამბობს ბექა ნემსიწვერიძე.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძის განაჩენი 16 მარტს, 10:30 საათზე გამოცხადდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.