არსებობს შესაძლებლობა, რომ "ოცნების" წინააღმდეგ უნივერსალური იურისდიქცია აშშ-მაც აამოქმედოს - [მოსაზრება]
თავდაცვის ექსმინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების მოწოდება იყოს ის, რომ აშშ-ში ამოქმედდეს უნივერსალური იურისდიქცია “ქართულ ოცნებაში“ სავარაუდო დამანაშავეების წინააღმდეგ.
თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ წამება ნამდვილად არის ის, რის გამოც უნივერსალური იურისდიქციას იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა და ამისი უამრავი მაგალითი არსებობს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც.
ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის და სანდოობის დაკარგვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბევრი სხვადასხვა ინტრუმენტით შესაძლოა შეეხმიანოს ეს ქვეყანა, თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაშიც მოქმედებს უნივერსალიზმის პრინციპი და შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს ადამიანი, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს სხვა ქვეყანში. წამება სწორედ ასეთს განეკუთვნება. ამიტომაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ასეთი მძაფრი რეაქცია წამებაზე, გახსოვთ ალბათ კობახიძის კომენტარი, სადაც რამდენჯერმე გაიმეორა, რომ წამება არა, წამება არა, კი იყო გადაცდომები, დარღვევები, სხვა სიტყვებს იყენებდა, მაგრამ წამება არა. მან ძალიან კარგად იცის, რომ წამების აკრძალვასთან ერთად, მონობის აკრძალვაც, ორივე ერთად არის საყოველთაოდ დაცული და რომლის დარღვევის შემთხვევაში სწორედ უნივერსალური იურისდიქცია იწყებს მოქმედებას. ეს არ არის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა, ამისი უამრავი მაგალითი არსებობს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც, - ამბობს ხიდაშელი.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.