ვინ მართავს რეალურად ქვეყანას - რა აჩვენა ალიევისა და ივანიშვილის შეხვედრამ [შეფასებები]
ოპოზიციის შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ ცხადყო, ვინ მართავს რეალურად ქვეყანას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში სახელმწიფო ინსტიტუტები დისფუნქციურია.
ცქიტიშვილი ყურადღებას ამახვილებს დავით გარეჯის საკითხზეც, რომლის შესახებაც საჯაროდ არცერთ მხარეს არ უსაუბრია.
სახელწიფო ინსტიტუტები არის დისფუნქციური, ამას აჩვენებს ეს ყველაფერი. ის, რომ რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ალიევსა და ივანიშვილს შორის, ესეც ფაქტია. რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული, ამას დავინახავთ უახლოეს მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტებს არანაირი გავლენა და ძალა არ აქვთ, ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და არაფორმალური მმართველობის პირობებში ხდება თუნდაც რეგიონალური და გლობალური საკითხების გადაწყვეტა, სამწუხაროდ, საქართველოში.
გარეჯის საკითხზე, მე ვფიქრობ, ასე საუბარი შეიძლება, არც იყოს სწორი, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის უნდა დარეგულირდეს. სამწუხაროა, რომ ამ საკითხებს ყოველთვის "ქართული ოცნება" იყენებდა სპეკულაციებისთვის და კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის და ამოცანებისთვის და სრულიად უსამართლოდ ჰყავდა ადამიანები დაჭერილი, მაგრამ თვითონ თემა ძალიან ფრთხილია, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ალიევი-ივანიშვილის შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მიტაცებულია სახელმწიფო ინსტიტუტები.
პრეზდენტ ალიევის შეხვედრის კადრები ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებდა თუ ვინ არის რეალურად მმართველი ქვეყნის და ეს რომ ირაკლი კობახიძე არ არის, ეს ყველამ კარგად ნახა და, თუ რამდენად მიტაცებულია სახელმწიფო ინსტიტუტები და რამდენად ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუცია. ამიტომ იყო მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე, რაზეც თავის დროზე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ გაუგებარი მოთხოვნა იყო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება. მათ შორუს ჩვენმა მეზობლებმაც იციან, რომ თუ ვინმეს უნდა ელაპარაკონ საქართველოში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს თეონა აქუბარდია.
არმაზ ახვლედიანმა კი ყუარღება ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ფარულ დაპირისპირებაზე გაამახვილა. "ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილ-კობახიძის ფარულ დაპირისპირებაზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისში, ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი კადრებში, საუბარი არ ისმის, ის პარტიის პრესსამსახურმა შეხვერის დასრლების შემდეგ გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელიც 6 აპრილს თბილისში მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ჩამოვიდა, შეხვდა ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს.
აღსანიშნავია, რომ ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევა ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ალიევის კრიტიკოსის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმაღამის 04:00 საათზე მიიღო.